კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ეთნიკური უმცირესობები სამშვიდობო დიალოგის მიღმა

13 დეკემბერი, 2023
ნინო კახიშვილი, netgazeti.ge

როგორ ხედავენ საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობები საკუთარ როლს საქართველოს შიდა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პროცესში? 

“ვფიქრობ, დღეს რომ მქონოდა შესაძლებლობა, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში აფხაზ და ოს ახალგაზრდებს შევხვედროდი, სარგებელი  ორმხრივი იქნებოდა. მე, ჩემი მხრივ, როგორც ეთნიკურად არაქართველი, მაგრამ საქართველოს მოქალაქე, მივაწვდიდი ინფორმაციას იმაზე, თუ როგორია ეთნიკური ჯგუფების მიერ დანახული საქართველო, როგორ ვცხოვრობთ ეთნიკური ჯგუფები აქ, როგორაა დაცული ჩვენი უფლებები და რა გზა გამოვიარეთ ინტეგრაციამდე”, –  ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში 24 წლის სტუდენტი ერნა შკოიანი. 

ნინოწმინდის რაიონის სოფელ ეშტიაში დაბადებული ერნა შკოიანი იხსენებს, რომ თბილისში ჩამოსვლამდე ინფორმაციაც არ ჰქონდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. 

“სტუდენტობის პირველ წელს ერთ ტრენინგს ვესწრებოდი, რომლის ფარგლებშივე ოკუპაციის მუზეუმში წაგვიყვანეს. არც ამ მუზეუმზე და არც ოკუპაციაზე მქონდა იქამდე რამე ინფორმაცია. სოფლის სკოლაში კედელზე საქართველოს რუკა ეკიდა, ვიცოდით, რომ ესა და ეს ტერიტორია ოკუპირებულია, მაგრამ რას ნიშნავს ეს, რატომ და რა მოხდა, ამაზე არასოდეს არავის უსაუბრია. თუმცა, დღეს, როდესაც საქართველოს სრულფასოვან მოქალაქედ ვგრძნობ თავს, ვსწავლობ, ვმუშაობ აქ და ვფიქრობ, თანაბარი უფლებებით ვსარგებლობ,  უკვე ვხედავ ჩემს როლსა და სარგებელს კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში”, – ამბობს ის.  

2007 წლამდე სამშვიდობო პროცესებში ჩართული იყო ზაურ ხალილოვი, სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. 

ნეტგაზეთთან საუბარში ხალილოვი ამბობს, რომ 2008 წლის შემდეგ სულ უფრო ნაკლებია სამშვიდობო დიალოგის შესაძლებლობები და, შესაბამისად, ეთნიკურ უმცირესობებსაც აფხაზებთან და ოსებთან კომუნიკაციის ნაკლები გამოცდილება აქვთ.

“არადა, ეთნიკური უმცირესობების ჩართვა მხოლოდ და მხოლოდ დადებით ეფექტს მოიტანდა. აქვე პირად მაგალითს მოგიყვებით. 2008 წლის 6 აგვისტოს აფხაზეთში მივდიოდი, როგორც ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” აღმასრულებელი საბჭოს წევრი. მაშინ რამდენიმე პროექტი ხორციელდებოდა ოკუპირებულ აფხაზეთში და გვაინტერესებდა, რაზე დაიხარჯა ეს რესურსი. საგულისხმოა, რომ აქედან შერჩეული იყო ერთი ადამიანი და ისიც ეთნიკურად არაქართველი. ეს აფხაზების მხრიდანაც საინტერესოდ იყო აღქმული, რადგან ისინი ჩვენ გვიყურებდნენ, როგორც თანამოაზრეებს. 

სულ ვამბობდით, ჩავრთოთ ეთნიკური უმცირესობები სამშვიდობო პროცესებში. ადრე თუ გვიან, აფხაზებიც და ოსებიც დასვამენ კითხვას, სად არიან ყველაზე დიდი ეთნიკური ჯგუფები. ჩვენ ბევრი საერთო თემა გვაქვს, დაწყებული მშობლიური ენისა და კულტურის შენარჩუნების პრობლემით.  ეს ადამიანები მოდიან ჩვენთან კომუნიკაციაზე. შესაბამისად, ეთნიკური უმცირესობების ჩართულობა მუშაობს”, – ამბობს ზაურ ხალილოვი. 

როგორც საქართველოს მოქალაქე, ვალდებულად მიიჩნევს თავს, სამშვიდობო პროცესებში ჩაერთოს საქართველოს ქურთული ასოციაცია “რონაის” [ასოციაცია აერთიანებს იეზიდებს, მუსლიმებს და ქრისტიანებს] თავმჯდომარე, ზაზა კალაშოვიც.

“მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნებოდა მათთვის, თუ ნახავდნენ, რომ სამშვიდობო პროცესებში ეროვნული უმცირესობებიც არიან ჩართული. ჩვენი ინტეგრაცია ამ ქვეყანაში და ურთიერთობები ეთნიკურ ქართველებთან უნდა გახდეს მაგალითი აფხაზებისა და ოსებისთვის. მათ უნდა ნახონ, რომ საქართველო ყველასთვის თანაბრად ღიაა”, – ამბობს ზაზა კალაშოვი. 

ამასთან, როგორც კალაშოვი ამბობს, ეთნიკური ჯგუფების პრობლემებზე საუბარსაც არ უნდა გავურბოდეთ. 

“დიახ, საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, ერთნაირი უფლებებით სარგებლობენ ეთნიკური უმცირესობები. თუმცა, სხვა ერებისგან განსხვავებით, ჩვენ, ქურთებს, არ გაგვაჩნია საკუთარი თეატრები, ანსამბლები [როგორც მაგალითად, სომხებისა და აზერბიაჯანელების შემთხვევაში], რომელთაც სახელმწიფო უწყობს ხელს, აფინანსებს. სახელმწიფო გვეუბნება, რომ კი, მხარს გიჭერთ, მაგრამ არავითარი ქმედება არ ჩანს. ისიც ვიცით, რომ ეთნიკური უმცირესობებითვის ქართული ენის შესწავლის პროგრამა არსებობს. ჩვენ იმდენად კარგად ვისწავლეთ ენა და ამ კუთხით იმდენად კარგად ინტეგრირებული ვართ, რომ სამწუხაროდ, ქურთული ენა დავივიწყეთ. დღეს ამაშიც გვჭირდება ხელისუფლებისგან მხარდაჭერა”, – განმარტავს ზაზა კალაშოვი. 

კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში ეთნიკური [ასევე რელიგიური] უმცირესობების ჩართვის, როგორც ამ პროცესში სიახლის შემოტანის მნიშვნელობაზე საუბრობს ქამრან მამედლი, სოციალური სამართლიანობის ცენტრის მკვლევარი, და არგუმენტები მოჰყავს, თუ რატომაა მნიშვნელოვანი სამშვიდობო პროცესებში ეთნიკური ჯგუფების ჩართულობა. 

“უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, ვფიქრობ,  ახლა კონფლიქტების მოგვარების კუთხით ყველაზე გაჭედილ სიტუაციაში ვართ. სხვადასხვა დისკუსიის ფარგლებში ექსპერტებიც აღიარებენ ამას და პერსპექტივებზეც უჭირთ საუბარი. ტექნიკურად, 2008 წელს უარესი ვითარება იყო, თუმცა, ახლა უფრო გაურკვეველი მდგომარეობაა. ამ შემთხვევაში კი, მაგალითად, ეთნიკური და თუნდაც რელიგიური უმცირესობების ჩართულობა კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში სიახლე იქნებოდა”, – ამბობს ქამრან მამედლი. 

ერთ პოლიტიკურ სივრცეში შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას კი, როგორც ის ამბობს,  აფხაზებსა და ოსებს ბუნებრივად გაუჩნდებოდათ კითხვა,  “სინამდვილეში რა მდგომარეობაა საქართველოში სამოქალაქო თანასწორობის კუთხით?”. 

“და ამ მხრივ ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს უმწვავესი პრობლემები. სხვა თუ არაფერი, საბავშვო ბაღების რაოდენობაა სამჯერ ნაკლები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში. პოლიტიკური მონაწილეობა არ არსებობს, პრობლემაა საჯარო სამსახურებში დასაქმება და ა.შ.”

მეორე [უფრო თეორიულ] არგუმენტად ქამრან მამედლი “საქართველოში სამოქალაქო ნაციონალიზმის გაგებას” ასახელებს. 

“მნიშვნელოვანია, როგორ უყურებს სახელმწიფო სხვა ჯგუფებს ქვეყნის ფარგლებში, რაც არსებითად მნიშვნელოვანია და კრიტიკული აფხაზებთან და ოსებთან შერიგების პროცესში. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ჩვენ ყველანი თანასწორები ვართ საქართველოს კონსტიტუციის წინაშე, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რომ თუ როგორაა ასახული ეს ყოველივე რეალობაში. დღეს ჩვენ ბევრი გამოწვევა და პრობლემა გვაქვს –  თარგმანის რესურსები ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ა.შ. შესაბამისად, შეიძლება აფხაზებსა და ოსებში გაჩნდეს განცდა, რომ ეს გამოძახილია ქართული ვიწრო ეთნო-რელიგური ნაციონალიზმისა, რომელიც რიყავს ყველა უმცირესობას, ვინც არ ეწერება იმ ფორმულაში, ვისაც ჰქვია მართლმადიდებელი ქრისტიანი-ეთნიკურად ქართველი. ეს ვიწრო ეთნიკური ნაციონალიზმი, სინამდვილეში, ხელს უშლის როგორც სამოქალაქო ინტეგრაციას, ასევე, უფრო დიდ სურათში –  კონფლიქტების მოგვარების საკითხს”.

მამედლი ამბობს, რომ დღეს არსებულ ოფიციალურ [ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები] და ასევე, არაოფიალურ  შეხვედრებზე მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში თითქმის არ მონაწილეობენ ეთნიკური უმცირესობები. 

“სხვადასხვა მოლაპარაკებებში თითქოს ვეპრანჭებით მათ, ვცდილობთ ვუთხრათ, ნახეთ, რა კარგი ქვეყანა ვართ და ამავე დროს, ამ პროცესში ეთნიკური უმცირესობები საერთოდ არ ჩანან. ეთნიკურ აფხაზს უფრო მეტად შეუძლია ენდოს ეთნიკურ აზერბაიჯანელს, სომეხს, ვიდრე ქართველს, ვისთანაც ბრძოლა ჰქონდა და დღემდე არსებობს პროპაგანდა მათ საგანმანათლებლო სივრცეში თუ მედიაში ქართველის, როგორც  მტრის ხატისა. 

შერიგების მინისტრი ან საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის ფორმატში მაგ პრიზმითაც უნდა ფიქრობდეს, რომ დაანახოს მათ, რომ ინტერგირირებული საზოგადოება ვართ და აფხაზს და ოსს ელაპარაკება სომეხი, აზერბაიჯანელი, ქურთი თუ სხვა. სამწუხაროდ, არასამთავრობო სექტორიც კი არ რთავს ამ ჯგუფებს. არადა, სოხუმში გზა დმანისიდან გადის. თუ ჩვენ არ შეგვიძლია მოვაგვაროთ ჩვენი შიდა გამოწვევები სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით და ეს ექსკლუზია, ეთნიკური და რელიგიური, თუ არ იქნა მოგვარებული, მშვიდობიან მოგვარებაზე საუბარი ილუზიურია”.

კითხვაზე, მისი აზრით, თუ რატომ არ რთავს არც სახელმწიფო და არც არასამთავრობო სექტორი ეთნიკურ ჯგუფებს დიალოგის პროცესში, ქამრან მამედლი ვერსიებზე საუბრობს – ან არც იციან, ვინ უნდა ჩართონ პროცესში, ან აქვთ შიში იმისა, რომ მოლაპარაკებების პროცესში ეთნიკურმა ჯგუფებმა, შესაძლოა, საქართველო სხვადასხვა საკითხში გააკრიტიკონ. 

“ერთ საერთაშორისო ფორმატის შეხვედრაზე დავიწყე ეთნიკურ აფხაზებთან საქართველოს გაკრიტიკება, ისეთი აგრესია წამოვიდა ჩვენივე ჯგუფის წარმომადგენლებისგან ჩემ მიმართ, თითქოს საქართველოს მტერი ვიყავი. არადა, ვფიქრობ, ზუსტად ეგაა ყველაზე ჯანმრთელი პროცესი. ამასთან, კრიტიკის შესაძლებლობა მაგალითი შეიძლება იყოს აფხაზისთვის, რომ ღიად ლაპარაკი შეგვიძლია საქართველოში პრობლემებზე. იმ შემთხვევაში კი ისე იყო ეს აღქმული, თითქოს შეხვედრაზე შემთხვევით მოხვდა ვიღაც “ტიპი” და მერე ქართველებმა ის გააჩუმეს, ან შეეცადნენ, რომ გაეჩუმებინათ. 

თუ გულწრფელად გვინდა კონფლიქტის ტრანსფორმაცია და ეს არაა კეკლუცობა მშვიდობიან შერგებაზე,  ზუსტად ეთნიკურ უმცირესობები არიან მნიშვნელოვანი აქტორები, რომელთაც შეუძლიათ აფხაზებს და ოსებს უთხრან, რომ რაღაცები შეიცვალა ამ ქვეყანაში, მეგობრებო, ჯერ კიდევ ვიცვლებით და მოდით, ერთად შევიცვალოთ. ესაა კონფლიქტის ტრანსფორმაცია”. 

პუბლიკაცია მომზადდა პროექტის – „თბილისს, სოხუმსა და ცხინვალს შორის ნდობის აღდგენისა და ქართულ საზოგადოებაში წარსულის გადაფასების შესახებ დიალოგის ხელშეწყობა“ ფარგლებში, რომელსაც ადამიანის უფლებათა ცენტრი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფონდის ifa (Institut für Auslandsbeziehungen), Funding programme zivik მხარდაჭერით ახორციელებს. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორის პოზიციას.

წყარო:netgazeti.ge/news/700868/?fbclid=IwAR2OFO8jwdqBn6miMsssKRwZRCsq1E1ry5QrAyZwGAu9UWUwLxc7Qz6hFTo

ახალი ამბები