კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რუსეთიდან დეპორტირებული სტუდენტი საქართველოში სწავლის გაგრძელებას ითხოვს

26 ოქტომბერი, 2006

deport.gifმოსკოვიდან დეპორტირებული აფხაზეთიდან დევნილი ირინე კალანდია განათლების მინისტრს სთხოვს, საქართველოში სწავლის გაგრძელების საშუალება მისცეს. მართალია, ის მოსკოვში ლეგალურად ცხოვრობდა, თუმცა ქართულ-რუსული პოლიტიკური დაპირისპირების მსხვერპლი აღმოჩნდა. 3 დღე-ღამე კამერაში და უძილო ღამეები,  3 საათი კი ბომჟებთან - ასეთია მე-3 კურსის სტუდენტის დეპორტაციის მოკლე ისტორია.

მან დახმარებისთვის „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრს" მიმართა და დაწვრილებით იმ პრობლემებზე ესაუბრა, რასი გადალახვაც მოუწია. საქართველოში კი მისი მთავარი პრობლემა ის არის, რომ  ჯერჯერობით სწავლის გაგრძელებას ვერ ახერხებს.
   
ირინე კალანდია: „მოსკოვში 1997 წლიდან და-ძმასთან ერთად ვცხოვრობდი, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან. მშობლები კი ზუგდიდში ცხოვრობენ. 2003 წელს მოსკოვის საერთაშორისო აკადემიაში ჩავირიცხე სტომატოლოგიის ფაკულტეტზე. ამჟამად მე-3 კურსზე ვარ. როცა საქართველო რუსეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა და მოსკოვიდან მცხოვრები ქართველების დეპორტაცია დაიწყეს, ინსტიტუტში იშვიათად დავდიოდი, ქუჩაში გამოსვლას ვერიდებოდი. ერთ დღეს, ახლობლის სასურსათო მაღაზიაში ვიყავი, როცა შემოწმებაზე საემიგრაციო სამსახურიდან მოვიდნენ. მაღაზიაში ორნი ვიყავით - მე და ჩემი რძალი. ის რუსია. რომ შემოვიდნენ, საბუთები მოგვთხოვეს. ჩემი პასპორტი წაიღეს და მეორე დღეს საემიგრაციო სამსახურში დამიბარეს.

ჟურნალისტი:პასპორტი რატომ წაიღეს არ აგიხსნეს?

ი.კ: მითხრეს, რუსეთის მოქალქე არ ხარ და აქ მუშაობის უფლება არ გაქვსო. ჩემმა რძალმა უთხრა, რომ იქ კი არ ვმუშაობდი, მასთან ვიყავი მისული, თუმცა მითხრეს, აქ ყოფნის უფლება არა გაქვსო. პასპორტი იმ ჩანთაში მქონდა, რომელიც მაღაზიის ერთ-ერთ უჯრაში იყო შენახული. როცა უჯრა გავხსენი და საბუთი ამოვიღე, მითხრეს, თუ აქ არ მუშაობ, ჩანთა უჯრაში რატომ გაქვს შენახულიო. მეორე დღეს საემიგრაციო სამსახურში დამიბარეს. როცა მივედი,
მითხრეს, ჯერ შენი ამბავი გარკვეული არ არის და სასამართლოს უნდა დაელოდოო.

ჟურნალისტი:საემიგრაციო სამსახურში სხვა ქართველებიც იყვნენ?

ი.კ. იქ უამრავი ქართველი იყო ჩემს დღეში. პასპორტი 29 სექტემბერს წამართვეს და საემიგრაციო სამსახურში ყოველ დღე დავდიოდი ამბის გასარკვევად. ყოველ დღე მუებნებოდნენ, სასამართლო ჯერ არ გამართულაო.
6 ოქტომბარმდე ასე გაგრელდა. 6-ში კი გამასამართლეს.

ჟურნალისტი:  სასამართლო პროცესს დაგასწრეს, ან ადვოკატი თუ გყავდათ?

ი.კ: პროცესს დამასწრეს, მაგრამ ადვოკატი არ მყოლია. სასამართლოზე მხოლოდ და მომყვებოდა. მოსამართლემ მკითხა, რომელი ქვეყნის მოქალაქე ხარო. ვუთხარი აფხაზეთიდან ვარ და საქართველოს მოქალაქე ვარმეთქი. მან მითხრა მნიშნელობა არა აქვს საიდან ხარ, მთავარია, რომ საქართველოს მოლაქე ხარო. დაკითხვის შემდეგ კი დერეფანში გამიყვანეს და მითხრეს, განაჩენს აქ დაელოდეო. დაახლოებით 5 წუთში პოლიციელი გამოვიდა და მთხოვა, რაღაც ფურცელზე მომეწერა ხელი. ვუთხარი ჯერ წავიკითხავ და მერე მოვაწერმეთქი, მაგრამ არ წამაკითხა. ამის შემდეგ ბორკილები დამადეს და პოლიციის მანქანით საემიგრაციო სამსახურში წამიყვანეს.

ჟურნალისტი:არ აგიხსნეს, სასამართლომ რა გადაწყვეტილება გამოგიტანა?

ი.კ: არა. საემიგრაციო სამსახურში სპეციალურ ოთახში შემიყვანეს, სადაც ბომჟებს ათავსებენ. იქ იგივე ბრალდებით ერთი ბიჭი დამხვდა, ისიც აფხაზეთიდან. ამ ოთახში დაახლოებით 3 საათი გავატარე. იქვე თითის ანაბეჭდები ამიღეს, სურათებიც გადამიღეს და პასპორტში რაღაც ბეჭედი ჩამირტყეს, რომელიც ვერ გავიგე რას ნიშნავდა. სისხლის ანალიზიც კი ამიღეს. ყველა პროცედურა რომ დაამთავრეს, პოლიციის განყოფილებაში გადამიყვანეს და კამერაში მომათავსეს.იქ 8 ქართველი ვიყავით. პასპორტი პოლიციის განყოფილებაში რომ ვაჩვენე, თავადაც გაუკვირდათ, ეს რას ნიშნავსო, ვერ მიხვდნენ, რა ჩამირტყეს. იმ კამერაში 3 დღეღამე ვიყავი. ერთ-ერთმა ინსპექტორმა მითხრა, შეგიძლია სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროო, თუმცა ამას აზრი არ ჰქონდა.

ჟურნალისტი:კამერაში როგორი პირობები იყო, საჭმელი მოგიტანეს?

ი.კ: რაღაც საჭმელი მოგვიტანეს, მაგრამ ის არავის უჭამია. 2 დღე არც გვიძინია, რადგან დასაძინებელი ადგილი არ იყო. მესამე დღეს კი კომისიას ელოდებოდნენ და იქაურობა მოაწესრიგეს. მესამე დღეს ექთანიც კი მოგვიყვანეს. მეოთხე დღეს კი წამოვედით. პოლიციელების თანხლებით აეროპორტში მიგვიყვანეს და თვითმფრინავით გამოგვიშვეს. არაფრის წამოღების უფლება არ მოგვცეს.  ინსტიტუტიდან საბუთებიც კი არ გამომატანინეს.

ჟურნალისტი:პრობლემები თქვენს ძმას ან დას ხომ არ შექმნია, რომლებიც რუსეთის მოქალაქეები არიან?

ი.კ: მართალია  ჩემი ძმა  რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ ისიც დააკავა პოლიციამ. მაშინვე საემიგრაციო სამსახურს გადაურეკა და უთხრა ქართველი ხომ არ გინდათო. ჩემი ძმის გამოძევებაც უნდოდათ, მაგრამ ფული გადაახდევინეს და გამოუშვეს. თუ არ ვცდები, 100 დოლარი წაართვეს. როცა ჩემმა ძმამ უთხრა რუსეთის მოქალაქე ვარო, უთხრეს აქ ჩაწერილს და არაჩაწერილს მნიშვნელობა არა აქვს, ყველას გავაძევებთო. თქვენს ბინებში კი საქართველოდან ჩამოსულ რუსებს ჩავასახლებთო.

PS. ირინა კალანდიამ საქართველოში სწავლის გაგრძელების მოთხოვნით განათლების მინისტრ ალექსანდრე ლომაიას განცხადებით მიმართა. მართალია, განათლების სამინისტროში განცხადება გაკეთდა, რომ ყველა დეპორტირებულ სტუდენტს თუ მოსწავლეს დაეხმარებოდნენ, თუმცა ამ ეტაპისთვის მისი საკითხი გაურკვეველია.

რაც შეეხება დანარჩენ დეპორტირებულებს, ამ ეტაპისთვის ასეთი სტატისტიკა არსებობს: 807 გამოძევებული, 3000-მდე სასამართლოს გადაწყვეტილება გამოსაძევებლებზე, 150-მდე ქართველი პოლიციის მიმღებ-გამანაწილებელში იმყოფება, შემოწმებულია 4 000-მდე დაწესებულება, სადაც ქართველები მუშაობდნენ , მათ შორის 50 უკვე დაიხურა. 

ეკა გულუა  

ახალი ამბები