ზღაპრის დასაწყისი და მელოდრამის მსგავსი დასასრული. დაბა ადიგენის მძიმე სოციალური მდგომარეობა. მიტოვებული სახლები და ახალგაზრდების მიგრაცია.
იყო და არა იყო რა…
იყო დაბა ადიგენი… როგორც რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი, 1931 წელს დაარსდა. ამ დროდან მოყოლებული რაიონული ცენტრის გაძლიერება,ეტაპობრივად ხდება. იხსნება პურის საცხობები, სტამბა, ლიმონათის საწარმო, საკონსერვო ქარხანა, სსრკ 50 წლის სახელობის თბილისის საწარმო გაერთიანების ფილიალი, ,,საქსახკომსოფლტექნიკის” ავტომანქანებისა და ტრაქტორების შესაკეთებელი საამქრო და სახელოსნოები. დასაქმებულია ადგილობრივი მაცხოვრებლების ოთხმოცი პროცენტი.
და არა იყო რა... ,,ყველა დაწესებულება, რაც ადრეულ წლებში ფუნქციონირებდა, გაუქმებულია.გადაჭარბებით ნათქვამი არ გამომივა და იმ წლების ფონზე ახლა რაიონში ყველაფერი მკვდარია,” - აცხადებს ადიგენის მუნიციპალიტეტის მოადგილე.
,,ავადსახსენებელ ხრუშჩოვის დროს, როდესაც რაიონული ცენტრი გაუქმდა, დაბა ადიგენი სოფელს დაემსგავსა. 1965 წელს დაბას რაიონული ცენტრის სტატუსი ისევ აღუდგინეს და ყველაფერმა სხვა ელფერი მიიღო. მაშინ რაიკომის პირველ მდივნად ამირან მექვაბიშვილი დანიშნეს. ეს აღმშენებლობის პერიოდი იყო. ორგანიზაციები, ფაბრიკები, ქარხნები მუშაობდა. ხალხმრავლობა შეიმჩნეოდა. ახლა ბევრი სამსახური შეკვეცილია.ხალხი კი, სადღაა ხალხ...” - წარსულზე სინანულით საუბრობს 74 წლის პავლე მერაბიშვილი.
ახალგაზრდას აქ რა გააჩერებს?
დაბა ადიგენი ახალგაზრდობისაგან დაიცალა: ,,ახალგაზრდებს აქ რა გააჩერებს?” - კითხულობენ ადგილობრივი ხანდაზმულები. მიგრაციის შედეგი ყველაზე მკვეთრად სამშობიარო სახლებსა და საბავშვო ბაღებზე აისახება: ,,სამშობიარო სახლებს დატვირთვა საგრძნობლად შეუმცირდა. აქ 1992 წლიდან ვმუშაობ. ადრე წელიწადში საშუალოდ 450 მშობიარემდე გვყავდა, ახლა კი მთელი წლის განმავლობაში ასამდეც ვერ ავდივართ. მხოლოდ 70 მშობიარე გვყავს. ჯანდაცვის პროგრამა აქაც იგივეა, რაც ახალციხეში, მაგრამ შობადობის შემცირება, ჩემი აზრით, მიგრაციის გამო ხდება. ახალგაზრდები რაიონიდან გადიან,” - ამბობს ადიგენის სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგი ლიანა კაპანაძე.
,,ოცხათხუთმეტი წელია, საბავშვო ბაღში ვმუშაობ. ახლა, რა თქმა უნდა, ბავშვების შემცირებული კონტიგენტია, რადგან ეკონომიური მდგომარეობა მძიმეა და ახალგაზრდები თავის სარჩენად სხვა გზას ეძებენ და მშობლიურ რაიონს ტოვებენ,” - აცხადებს ადიგენის საბავშვო ბაღის გამგე თინა ქომეთიანი.
ბინები ჩალის ფასად
დაბა ადიგენი სატყეო მეურნეობის შენობით, შემდეგ უშველებელი სახერხითა და საცხოვრებელი კორპუსებით იწყება. კორპუსების ჩაშავებული ფონი მნახველზე უსიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, ხოლო ოღროჩოღრო გზის გასწვრივ ჩამწკრივებული აქაურების მარჩენალი ხის ჯიხურები, სიღარიბის შთაბეჭდილებას კიდევ უფრო აძლიარებს.
,,მაშინ, როდესაც საქართველოში სახლებს კატასტროფული ფასები ადევს, დაბა ადიგენში პირიქითაა. სამოთახიან ბინას შვიდას დოლარად იყიდი. ასევე უამრავი სახლია გამოკეტილი და გამოცარიელებული. ხალხს სოფელში ცხოვრება ურჩევნია, რადგან იქ არსებობის მეტი საშუალებაა. გაჭირვებამ ქალაქელები მიწას მიაჯაჭვა. ამიტომაც ბინებს ჩალის ფასი აქვს,” - ამბობს ადგილობრივი პეტრე აღლემაშვილი.
უმუშევრობა
უმუშევრობა რაიონის ყველაზე დიდი პრობლემაა. ცენტრში დილიდან საღამომდე ,,ბირჟაზე” მდგარი მამაკაცები ამის თვალსაჩინო მაგალითია.
,,რაიონში ახალგაზრდების დასაქმება ძნელად მიმდინარეობს. არ ფუნქციონირებს სახელმწიფო ორგანიზაციები, სადაც ახალგაზრდები დასაქმებას შესძლებენ. წლების წინ ადიგენში ბევრი სამრეწველო საწარმო იყო. ახლა მრეწველობა ძირფესვიანად განადგურდა და ახალგაზრდებიც უსაქმურად არიან. მე ორგანოებში ვმუშაობდი და კაცი რომ პატიმრობიდან ბრუნდებოდა, მის საქციელზე პასუხისმგებლობა შინაგან საქმეთა ორგანოს მუშაკებს გვეკისრებოდა. ვალდებული ვიყავით ისინი შრომაში ჩაგვება. ახლა, არათუ პატიმრობიდან დაბრუნებულს, უმაღლესდამთავრებულს და განათლებულ ადამიანს არ აქვს საშუალება სამსახური მოძებნოს. ამიტომაც დღეს, ახალგაზრდობის დიდი ნაწილი ნარკომანი ან ლოთია,” -ამბობს ომის ვეტერანთა რაიონული საბჭოს თავმჯდომარე ეფრემ აღლემაშვილი.
გზა – აქილევსის ქუსლი
დაბა ადიგენისაკენ მიმავალი გზა მართლაც სავალალო მდგომარეობაშია. ტრანსპორტი აქ თითქმის არ მოძრაობს. გადაადგილება დილის საათებში უნდა მოახერხო. შუადღის შემდეგ რეგიონალურ ცენტრში (ახალციხეში) აღარაფერი დადის.
,,სად გვაქვს გზა? თუ აუცილებლობა არ მოითხოვს დაბიდან არც გავდივართ. არადა, ადრე საზოგადოებრივი ტრანსპორტი მეტი დატვირთვით მუშაობდა,” -გვითხრა გივი სტეფნაძემ.
რაიონის პერსპექტივები
მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად რაიონის მრეწველობა ,,გამყინვარებას” განიცდის, ადიგენელების აზრით, არის მთელი რიგი ჩამონათვალი სხვადსხვა დარგებისა, რომელთა განვითარებაც რაიონისათვის პერსპექტიული და მომგებიანია – ნატურალური, კონკურენტუნარიანი ხილის გადამუშავება, ფლატეს უნიკალური წყლის ჩამოსხმა, რაიონის ტერიტორიაზე ბუნებრივი ბექტონიტური თიხების საბადოს ათვისება, სამკურნალო მცენარეების - ასკილის, ქაცვის, ხარისშუბლას, კრაზანას შეგროვება და გადამუშავება.
ყველაზე დიდი გულისტკივილი
,,ადიგენი რომ არავის ახსოვს, ამის დადასტურება ისიცაა, რომ ადიგენის გარდა, ფასადები საქართველოს ყველა ქალაქში შეიღება. გარედან რაღაცის შელამაზება დიდი საქმე არაა, მაგრამ მთავარი – ყურადღებაა. კარგია, როცა ხელისუფლებას ახსოვხარ. ჩვენ კი ყველამ დაგვივიწყა,” - მიაჩნიათ ადიგენელებს.
დავიწყების ერთი უმნიშვნელოვანესი მაგალითი ისიცაა, რომ დამეწყრილ ოჯახებზე შარშან გამოყოფილი თანხას რაიონამდე ახლაც არ ჩამოუღწევია. იმ ოჯახების უმეტესი ნაწილი სხვასთან შეკედლებული ცხოვრობს. დაპირება კი დაპირებად რჩება.
ადიგენის რაიონი ქვეყანას შიგადაშიგ ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებული სიუჟეტების ასახვით თუ ახსენებს თავს. იმას კი არავინ კითხულობს, რომ აქაურების თვითგადარჩენის ერთადერთი საშუალება ამჟამად ტყეა.
გულო კოხოძე, ადიგენი