კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლებას ოპონენტების დევნაში ადანაშაულებენ

14 დეკემბერი, 2007
"რაიონის გამგებელი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს დევნის. მათ გამგეობაში იბარებენ და ოპოზიციის საწინააღმდეგოდ მუშაობას სთხოვენ"; "წევრებს, რომლებიც საუბნო საარჩევნო კომისიაში გაერთიანებულ ოპოზიციას წარმოადგენდნენ, შვებულებები გაუუქმეს, სამსახურებში გამოიძახეს და საარჩევნოდ, ხელისუფლების ოპონენტების მხარდასაჭერად მუშაობის საშუალებას არ აძლევენ"; "გაუგებარი მიზეზებით დაიხურა რამდენიმე საარჩევნო უბანი. ამომრჩეველი ვერ ახერხებს გადაამოწმოს, არის თუ არა საარჩევნო სიაში", - ასეთ განცხადებებს აკეთებენ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგს ახორციელებენ.

გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ზვიად ყვირალაშვილი მათი მხარდამჭერების დევნაში ადგილობრივ ხელისუფლებას ადანაშაულებს. მისი თქმით, #12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის, კალაურის საუბნო – საარჩევნო კომისიის წევრს ქეთევან პაპოშვილს, რომელიც სამსახურიდან შვებულებით სარგებლობდა, მას შემდეგ რაც გაიგეს, რომ გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერი იყო, შვებულება გაუუქმეს, სამსახურში გამოიძახეს და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის სასარგებლოდ მუშაობა მოსთხოვეს.

"პაპოშვილი გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამგებელთან დაიბარეს. შეხვედრისას მას მოსთხოვეს, გაერთიანებული ოპოზიციის მხარდასაჭერად დაწყებული მუშაობა შეეწყვიტა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ", - აცხადებს ყვირალაშვილი. მისივე თქმით, პრობლემები გაერთიანების სხვა მხარდამჭერებსაც აქვთ. "რამდენიმე დღის წინ, კახეთში პრეზიდენტობის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის სტუმრობამდე, ჩვენი წარმომადგენლები მოსახლეობას აწვდიდნენ ინფორმაციას, გაჩეჩილაძის ვიზიტის, დროისა და შეხვედრის ადგილის შესახებ. სოფელ შაშიანში ისინი დააკავეს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა. მუქარის გზით მოსთხოვეს, ინფორმაციის გავრცელება შეეწყვიტათ, რის შემდეგაც გაათავისუფლეს. ჩვენ ინფორმაციის სათანადოდ გავრცელება ვერ შევძელით",- ამბობს ზვიად ყვირალაშვილი.

ოპოზიციის მხარდამჭერებზე ზეწოლას უშუალოდ გამგებელი და სხვა ადგილობრივი ჩინოვნიკები რომ ახდენენ, ამას კიდევ ერთი ოპოზიციონერი, "ახალი მემარჯვენეების" წარმომადგენელი ზურაბ კანდელაკი ადასტურებს. "სოფელ ჩუმლაყში, საუბნო – საარჩევნო კომისიის წევრზე ეკატერინე შუშაბერიძეზე განხორციელდა ზეწოლა. იძულებული გახადეს, განცხადება დაეწერა და კომისიიდან თავად წასულიყო. ასეთი სახის ზეწოლები თითქმის ყველა საარჩევნო უბანშია, მთელი კახეთის მასშტაბით. მომხდარს შეძლებისდაგვარად ვახმოვანებთ და რეაგირებას ვითხოვთ, თუმცა უშედეგოდ"- აღნიშნავს ზურაბ კანდელაკი.

წინასაარჩევნო პროცესის მიმდინარეობას აქტიურად აკვირდებიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც, სადაც ასევე ფლობენ ინფორმაციებს დარღვევების შესახებ.

"ადამიანის უფლებათა ცენტრში" აცხადებენ, რომ როგორც მათ ყვარლის რაიონიდან ამომრჩევლებმა აცნობეს, რაიონში რამდენიმე საარჩევნო უბანი დაკეტილია. "სამუშაო საათებში, ეს ინფორმაცია ადგილზე გადაამოწმეს ჩვენმა წარმომადგენლებმა. აღმოჩნდა, რომ სოფელ ახალსოფლის, ისევე როგორც სხვა კიდევ რამდენიმე საარჩევნო უბანი, მართლაც დაკეტილი იყო და ამომრჩევლები ვერ ახერხებდნენ, გადაემოწმებინათ არიან თუ არა რეგისტრირებული საარჩევნო სიებში. ჩვენთან საუბარში ახალსოფლის საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა ნანი ქევხიშვილმა აღნიშნა, რომ იგი დილით მივიდა საარჩევნო უბანზე სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, თუმცა მას უბანი დაკეტილი დახვდა. ამის მიზეზად კი ის დასახელდა, რომ თითქოს ფართი, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, მოსაწესრიგებელი იყო, რაც საარჩევნო კანონმდებლობის უხეში დარღვევაა"- ამბობს იურისტი ლია ხუროშვილი.

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, საარჩევნო უბანი კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლის და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებით მას შემდეგ დაიკეტა, რაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტების მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ ახალსოფლის მოსახლეობა მხარს არ უჭერს პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ სააკაშვილს.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის ხელმძღვანელი ლელა ტალიური ყურადღებას წინასაარჩევნო პროცესისას ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე ამახვილებს.

"პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის მიხეილ სააკაშვილის თელავში ვიზიტისას, 10 დეკემბერს, დაავალდებულეს ქ. თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეები, შეხვედროდნენ სააკაშვილს. ეს ინფორმაცია თვითონ ბავშვებმა მოგვაწოდეს, ოღონდ მათივე თხოვნით, მოსწავლეთა ვინაობას ვერ გავამჟღავნებთ. ამისათვის სკოლებში სასწავლო პროცესის ნაწილი ჩაიშალა. ჩვენთვის ცნობილია ისიც, რომ მოსწავლეთა სრულად დასწრების მიზნით, სპეციალური სიებიც შედგა, რათა არცერთი მათგანი არ გამოკლებოდა შეხვედრას და რაც შეიძლება ბევრი ხალხი ყოფილიყო.

რაც შეეხება გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათ პრეზიდენტობის კანდიდატს, ისინი თელავის სახელმწიფო თეატრის შენობაში არ შეუშვეს და ამის მიზეზად შენობაში სარემონტო სამუშაოების ჩატარება დაასახელეს. ეს მაშინ, როცა წინა დღეს, თელავის სახელმწიფო თეატრის დარბაზში შეხვდა ხალხს `ერთიანი ნაციონალური მოძრაობის~ საპრეზიდენტო კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი და იმ დროისათვის იქ არავითარი სამუშაოები არ მიმდინარეობდა", - აცხადებს ტალიური.

ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ მმართველი პარტიის წარმომადგენლები. პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ბადურ გულიაშვილის განცხადებით, ოპოზიციას უსაფუძვლო და მყვირალა განცხადებებით სურს რეიტინგის ამაღლება. "არავითარი ზეწოლა. მათი პრეტენზიები უსაფუძვლოა. კახეთში არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის შტაბი დაურბევიათ და არც არავინ გაუტაცებიათ. დარღვევები არც საარჩევნო უბნებშია", - განაცხადა გულიაშვილმა.

თელავის სახელმწიფო თეატრის შენობაში, გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის არ შეშვების შესახებ ბრალდებას, წინასაარჩევნო პროცესის შეგნებულად დაძაბვის მცდელობად აფასებს, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი, რომელიც ამავე დროს მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს კახეთის რეგიონში.

"ჩვენ სპეციალურად შევისწავლეთ ეს ინციდენტი და აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად ყალბ ბრალდებებზე დაყრდნობილი განცხადება გააკეთეს ჩვენმა ოპონენტებმა. ხელთ გვაქვს პოლიტიკური გაერთიანება "თავისუფლების" რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ნელი ცქიტიშვილის განცხადება, რომლითაც ეს ქალბატონი თელავის საოლქო – საარჩევნო კომისიისგან ითხოვს, რომ გამოეყოთ ფართი თელავის კულტურის სახლში. საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ ეს განცხადება დაკმაყოფილდა, შესაბამისად მიეცათ მათ საშუალება ამომრჩევლებთან შეხვედრა მოეწყოთ. თუმცა, მივიდნენ რა ისინი თელავის კულტურის სახლში და არ მოეწონათ დარბაზი, მათ მოისურვეს შეხვედრის ჩატარება ქუჩაში. ეს პრობლემა არ არის, განსხვავებით ყალბი განცხადებებისგან, რითაც ისინი ცდილობენ აჟიოტაჟი შეიტანონ წინასაარჩევნო პროცესში", - ამბობს ბეჟაშვილი.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები რამდენიმე დღეში წინასაარჩევნო პროცესის კიდევ უფრო გართულებას ვარაუდობენ.


გელა მთივლიშვილი, კახეთი


ახალი ამბები