კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გარემოს დაცვის სამინისტრო მთივლიშვილის წერილს აპროტესტებს

30 იანვარი, 2008

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ მიერ, ინტერნეტ-პორტალზე  www.humanrights.ge   16 იანვარს გამოქვეყნდა წერილი სათაურით - "5 ათასი ლარი და 6 წელი ციხე, ტყიდან ძირნაყარი შეშის გამოტანისათვის." გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო მიიჩნევს, რომ წერილში უკანონოდ ტყის სარგებლობის ფაქტი დამახინჯებულია და ვალდებულად თვლის თავს საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.

მიუხედავად ავტორისადმი ჩვენი თანამშრომლობისთვის მზადყოფნისა, სამწუხაროდ, გელა მთივლიშვილი მომხდარ ფაქტს მხოლოდ ცალმხრივად განიხილავს და წერილში სამინისტროს პოზიცია დაფიქსირებული არ არის.

წერილი შეეხება 2007 წლის, 25 სექტემბერს, ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირებისთვის, გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის მცხოვრებ, რობერტ ზავრაშვილის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის საკითხს, სადაც ავტორი ეჭვქვეშ აყენებს ტყის მცველების ქმედებას და ზავრაშვილის სამართლებრივ ბრალეულობას.

ვფიქრობთ, წერილის ავტორი, გელა მთივლიშვილი შეცდომაშია შეყვანილი და სიცრუეა რობერტ ზავრაშვილის მიერ უბრალოდ ფიჩხის, ნაყარი ხე-ტყის შეგროვებაზე და ტრანსპორტირებაზე საუბარი. გარემოს დამცველების მიერ დაფიქსირებული დარღვევის თანახმად, ზავრაშვილმა საკუთარი სატვირთო ავტომანქანით 1 ძარა 24-44 სმ-ის დიამეტრის 8 მ3 , მათ შორის 4,53მ3 სამასალე მუხის, წიფელასა და რცხილის ჯიშის ხე-ტყის ტრანსპორტირება განახორციელა. შეუძლებელია ითქვას, რომ  ჩამოთვლილი ან ფიჩხია და ან ნაყარი შეშა. ტყის მცვველების მიერ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დროულად დაფიქსირდა დარღვევა და აღრიცხული იქნა უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე. შემდგომში დაანგარიშდა გარემოსათვის მიყენებული ზიანი, რამაც 1500 ლარს გადააჭარბა. ზავრაშვილის მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება უკვე მართლმსაჯულების პრეროგატივაა, რაშიც გარემოს დაცვის სამინისტრო არ ერევა.

წერილში არ არის ნახსენები რობერტ ზავრაშვილის მიერ ტყით უკანონოდ სარგებლობის კიდევ ერთი ფაქტი. აღნიშნული შემთხვევიდან ერთ თვის შემდეგ, 2007 წლის 26 ოქტომბერს, უკვე გარემოს დაცვის ინსპექციის მიერ, იგივე პიროვნება, რობერტ ზავრაშვილი დაკავებული იქნა 5 მ3 მუხისა და 0.2მ3 რცხილის ჯიშის ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებისთვის. ზავრაშვილმა ვერ წარმოადგინა ხე-ტყის ტრანსპორტირების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი და მეტიც გაქცევა სცადა. საქმეში შსს გურჯაანის სამმართველოს კრიმინალური სამსახურიც ჩაერთო. ზავრაშვილს ხე-ტყე ჩამოერთვა, ადგილზე შედგა შესაბამისი აქტი, რომელსაც ხელს აწერენ როგორც გარემოს დაცვის ინსპექციის, ასევე პოლიციის თანამშრომლები. შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ასკ 1282-ე მუხლის IV ნაწილის შესაბამისად, გარემოზე მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 1547 ლარი.  გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ სამართალდამრღვევს 50 ლარი ჯარიმის და 1570 ლარი გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება დააკისრა.

წერილში რობერტ ზავრაშვილი აცხადებს: "ოჯახს ძალიან გვიჭირს. ამიტომ ტყიდან ძირნაყარ ხეებს ვეზიდებოდი, საიდანაც ღუმელში დასანთებად ვარგის შეშას ვარჩევდი. ტყიდან შეშა ბილეთის გარეშე არასოდეს გამომიტანია. უფრო მეტიც, ტყის მცველს ზურაბ რუაძეს, მისივე მოთხოვნით, თითქმის ყოველ ორ კვირაში ერთხელ 20 ლარს ვაძლევდი. მოგვიანებით, მას ეს თანხა, როგორც ჩანს, ეცოტავა და 30 ლარი მომთხოვა, რომლის გადახდაც აღარ შემეძლო".

საზოგადოების ყურადღება გვინდა შევაჩეროთ რამდენიმე ფაქტზე. ჯერ ერთი, ტყიდან ფიჩხის გამოტანას შესაბამისი "ბილეთი" არ სჭირდება; მეორე, ზავრაშვილი აღიარებს, რომ ორ კვირაში ერთხელ ტყის მცველს 20 ლარს აძლევდა. ჩნდება კითხვა, რამდენი ორი კვირაა საჭირო, იმისთვის რომ ოჯახმა ზამთრის მარაგი ძირნაყარი შეშა მოიმარაგოს? იქნებ საქმე გვაქვს, ჩვეულებრივ ბრაკონიერთან რომელიც უკანონოდ მოჭრილი ხე-ტყით, უკანონო ბიზნესს ეწეოდა. მიუხედავად ამისა, სამინისტრომ ტყის მცველის, ზურაბ რუაძისთვის გადახდილი თანხის საკითხის გასარკვევად, ოფიციალურად მიმართა სამართალდამცავ ორგანოებს. 

უსაფუძვლოდ მივიჩნევთ ბრალდებას, თითქოს ჩვენი უწყებები არჩევნების შემდგომ სამართალდამცავებთან მოსახლეობისთვის ფულის გამოძალვის მიზნით თანამშრომლობდეს. ზავრაშვილის ეს ბრალდება ცილისწამებაა, საინტერესოა რა არჩევნებზეა საუბარი, როცა ზავრაშვილის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევები 25 სექტემბერს და 26 ოქტომბერს დაფიქსირდა. სამწუხაროა, რომ ამასთან დაკავშირებით წერილის ავტორს კითხვა არ უჩნდება.

გარემოს დაცვის სამინისტრო მზადაა საზოგადოებას გააცნოს ყველა ის მასალა და დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია აღნიშნულ საქმესთან და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ სამინისტროს თანამშრომლები ასრულებდნენ, მათზე დაკისრებულ მოვალეობას და მოქმედებდნენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ კომპეტენციების ფარგლებში.

მიუხედავად იმისა, რომ კანონდამრღვევებისთვის ტყის დაცვის სამართლიანი ღონისძიებები მძიმე და მტკივნეულია, გარემოს დაცვის სამინისტროში ხე-ტყის უკანონო ჭრების აღკვეთა და შეჩერება არაპოპულარულ, თუმცა უპირველეს ამოცანად რჩება. მოვუწოდებთ საზოგადოებას, მოქალაქეებს თუ მედიის წარმომადგენლებს, სწორად იქნას აღქმული და ობიექტურად განსჯილი,  უკანონოდ ტყის სარგებლობის აღკვეთისთვის სამინისტროს მიერ გაწეული ყველა საქმიანობა. წლების მანძილზე ტყის დაცვის სფეროში მიმდინარე განუკითხაობის, დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრა ხომ სწორედ საზოგადოების დაკვეთა იყო (სტილი დაცულია).


ავტორისაგან:

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს აღნიშნული განცხადება, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) გაავრცელა. წერილში მოცემულია, რომ "სამინისტრო ვალდებულად თვლის თავს საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მიაწოდოს", რადგან "მიუხედავად ავტორისადმი ჩვენი თანამშრომლობისთვის მზადყოფნისა, სამწუხაროდ გელა მთივლიშვილი მომხდარ ფაქტს მხოლოდ ცალმხრივად განიხილავს და წერილში სამინისტროს პოზიცია დაფიქსირებული არ არის".

მიმაჩნია, რომ სამინისტროს პრეტენზიები უსაფუძვლოა და გაზვიადებული.

როგორც ჩანს, ამ უწყებაში მომუშავე იმ ჩინოვნიკებმა, რომლებიც გვირჩევენ "სწორად აღვიქვათ და ობიექტურად განვსაჯოთ მათი საქმიანობა", თავად ვერ აღიქვეს, რა იყო საგაზეთო სტატიის ძირითადი არსი. წერილში მოკლედ იყო მოყვანილი ფაქტი, ხაზგასმით კი სამართლებრივი მხარე და მოსალოდნელი სასჯელის სიმძიმე. ამ მიმართულებით წერილის მომზადებისას სამინისტროს პოზიცია მაინცდამაინც აუცილებელი რომ არ იყო, ამას თავად წერილის ავტორიც ადასტურებს, რომელიც, როგორც აღმოვაჩინე, მინისტრის მრჩეველი ეკა ბენდელიანია. იგი აცხადებს, რომ "ზავრაშვილის მიმართ სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრება მართლმსაჯულების პრეროგატივაა, რაშიც გარემოს დაცვის სამინისტრო არ ერევა".

აქვე, სამინისტროს წარმომადგენლები თავადვე ადასტურებენ, რომ ტყიდან ფიჩხის გამოტანას შესაბამისი "ბილეთი" არ სჭირდება, მაგრამ საპირისპირო ფაქტები ხომ ძალიან ბევრია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ ვწერდით. მახსენდება ერთი კონკრეტული წერილიც, სათაურით "გარემოს დაცვის ინსპექტორები გლეხებზე ნადირობენ". მაშინ დაწვრილებით გავაშუქეთ, როგორ წაართვეს გდი-ის თანამშრომლებმა პირველი ჯგუფის ინვალიდ, პენსიონერ ცოლ-ქმარს, ნათესავის მიერ ნაჩუქარი შეშა, რომელიც ერთი სოფლიდან მეორე სოფელში გადაჰქონდათ; როგორ დააჯარიმეს გარემოს დაცვის ინსპექტორებმა არასრულწლოვანი, სოფელ ახაშენში, ტყიდან ფიჩხის გამოტანისათვის.

სამწუხაროდ, სამინისტროს თბილ სავარძლებში მოკალათებულმა პირებმა, მხოლოდ არჩევნების შემდეგ გაიხსენეს, რომ ისინი მოვალენი არიან ინფორმაცია მოგვაწოდონ.

უნდა აღვნიშნო, რომ ამ სტატიის მომზადებისას არაერთხელ დავრეკეთ სამინისტროს ტელეფონზე 822 72-72-24, მაგრამ არავინ გვიპასუხა. ჩვენი სატელეფონო ზარები უპასუხოდ დატოვა მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ გოჩა მამაცაშვილმაც. შევეცადეთ ასევე დავკავშირებოდით ზავრაშვილის მიერ ნახსენებ ტყის მცველს ზურაბ რუაძეს, რომელსაც ორი დღის განმავლობაში მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. აფორიაქებულმა რუაძემ, მხოლოდ გაზეთში სტატიის დაბეჭდვის შემდეგ მოგვაკითხა, ისევე როგორც სამინისტროს გაუჩნდა რეაქცია, რაც კარგია, მაგრამ პრეტენზიები საფუძვლიანი უნდა იყოს.

სტატიაზე მუშაობისას, რესპონდენტის, რობერტ ზავრაშვილის ნაამბობი სარწმუნო რომ ყოფილიყო, მოვიპოვეთ "საშეშე მერქნის დამზადების კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტი" და "ტყის ფონდის ზეზეული ხეების მერქნული რესურსებით სარგებლობისათვის" დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადaსტურებელი ქვითარიც. ასევე საბრალდებო დასკვნის ასლი რაიონული სასამართლოდან და პროკურორის კომენტარი. ფაქტზე სამართლებრივი შეფასება ვთხოვეთ დამოუკიდებელ იურისტსაც. გურჯაანის რაიონულ სასამართლოში ჩვენთვის არავის უთქვამს, მათ შორის არც პროკურორს და არც საბრალდებო დასკვნაშია აღნიშნული რაიმე ზავრაშვილის შესაძლო ბრაკონიერობის შესახებ. რაც შეეხება რობერტ ზავრაშვილის მოსაზრებას, რომ "არჩევნების შემდეგ გარემოს დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული უწყებები, სამართალდამცავებთან აქტიურად თანამშრომლობენ, ბიუჯეტის შევსების მიზნით", ვფიქრობ, უსაფუძვლო არ არის.

საგულისხმოა, რომ წინასაარჩევნოდ გდი-ის ინსპექტორებმა მკვეთარდ შეამცირეს ჯარიმების ოდენობა. არადა, სწორედ ამ დროს, მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით დარიგებული ვაუჩერების მეშვეობით, ტყე ყველაზე მეტად გაიჩეხა. კახეთში მომუშავე ხე-ტყის ბიზნესით დაინტერესებულმა თურქებმა, ისევე როგორც ქართველმა მაღალჩინოსნებმა, სარფიანი მოგება ნახეს. შედეგად, რამდენიმე ადგილას მეწყერი უკვე ჩამოწვა და მოსახლეობას საფრთხე ემუქრება.

და ბოლოს, სამინისტროს განცხადებაში მითითებულია, რომ რობერტ ზავრაშვილის მიერ სხვადასხვა დროს ჩადენილ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით, მე, ჟურნალისტს კითხვა არ მიჩნდება, რაც სრული სიცრუეა. კითხვები მაქვს და რადგან გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო ასეთი მოწადინებულია, იქნებ მიპასუხონ.

ახსოვს მინისტრის მრჩეველს, ქალბატონ ბენდელიანს, რომ გამერკვია ვინ იყო სამინისტროს განცხადების ტექსტის ავტორი, ერთი დღე დამჭირდა, სამინისტროში აპრობირებული ბიუროკრატიული მეთოდების გამო: იმას დაურეკე, ამას დაურეკე, არ მცალია, საღამოს ან ხვალ დილით დამიკავშირდით და ა.შ;

რა პრივილეგიებით სარგებლობს გდი-ის კახეთის ბიუროს უფროსი ნაკვეთაური, ჟურნალისტებს კითხვებზე რომ არ გვპასუხობს? მხოლოდ იმიტომ, რომ ის გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრის დავით ჩანტლაძის ახლო ნათესავია?;

იცით, რომ სამინისტროს მიერ ბრაკონიერად და რეციდივისტად შერაცხული ზავრაშვილი დღეს თავისუფალია? კი, სახაზინო ადვოკატის რჩევით, მან არჩადენილი დანაშაული აღიარა, მაგრამ სანაცვლოდ მხოლოდ პირობითი სასჯელი მიიღო, მაშინ როდესაც პროკურატურა, განსასჯელისთვის სოლიდური ჯარიმის გადახდას და ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა?

გინახავთ, სამინისტროს კეთილმოწყობილი ოფისებიდან მაყურებელ, ან ძვირფასი, ძვირადღირებული მარკის მანქანებით მოსიარულე ჩინოვნიკებს, როგორ ცხოვრობს უნარშეზღუდული ზავრაშვილი ოჯახის სხვა 7 წევრთან, მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად, ბეტონის იატაკზე?

გელა მთივლიშვილი, კახეთი

ახალი ამბები