12:40, Sunday, 19.01.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

საჯარო რეესტრის სააგენტო საჯარო ინფორმაციის გასაცემად თანხის გადახდას ითხოვს

24.06.2008
გელა მთივლიშვილი, კახეთი

 
 ეკა ლომიძე
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახური, საჯარო ინფორმაციის გასაცემად თანხის გადახდას ითხოვს. სამსახურის უფროსის განცხადებით, ამ მოთხოვნას „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ" საქართველოს კანონი ითვალისწინებს.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა.

ამავე კოდექსის 38-ე მუხლი საჯარო ინფორმაციის ასლის ხელმისაწვდომობას განსაზღვრავს. კერძოდ, „საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლების ხელმისაწვდომობა. დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა“.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ცალსახად კრძალავს საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საფასურის მოთხოვნას, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურში, იმ ინფორმაციის მისაღებად, თუ როდის დარეგისტრირდა საკუთრებად კონკრეტული შენობა და რის საფუძველზე, 10 ლარის გადახდა მოგვთხოვეს. სამსახურის წარმომადგენელმა გიორგი მჭედლიშვილმა იქვე მიგვანიშნა, რომ ინფორმაციას ჩვენი მოთხოვნის შესაბამისად, არა დაუყოვნებლივ, არამედ თანხის გადახდის შემდეგ, 4 სამუშაო დღის ვადაში მოგვაწვდის, თანახმად „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის 1 მუხლის „ვ“ პუნქტისა: „მოთხოვნის მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, ყადაღის ან საგადასახადო გირავნობის შესახებ საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადება - 4 სამუშაო დღის ვადაში - 10 ლარი“.

არის თუ არა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საჯარო დაწესებულება და ვრცელდება თუ არა მასზე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი? რატომ ეწინააღმდეგება ერთმანეთს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები? ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მისაღებად პროექტის „ინფორმაციის თავისუფლებისათვის“ იურისტს ეკა ლომიძეს მივმართეთ. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაციები „კონსტიტუციურ უფლებათა დაცვის ცენტრი“ და "ჟურნალისტური ცენტრი – აღმოაჩინე საქართველო“ ახორციელებენ.

„საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის I პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოა ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანო ან  დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერის სხვა პირი, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს; ამდენად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო არის ადმინისტრაციული ორგანო (საჯარო დაწესებულება) და მასზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ნორმები.

რაც შეეხება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლს, განმარტებულია, რომ საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის ასლის ხელმისაწვდომობა, ამასთან დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის ანაზღაურებისა.

მინდა განვმარტო, რომ აღნიშნული ნორმის მოქმედება ზოგადად ვრცელდება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე, თუმცა არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ კანონის მე-3 მუხლის პირველი ნაწილი, რომელიც გახლავთ სპეციალური კანონი და აკონკრეტებს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის აუცილებელ პროცედურებს. კერძოდ, განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის წარმოებისა და ხელმისაწვდომობისათვის ვადები და საფასური წესდება მხოლოდ ამ კანონით.

- ეს კანონი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს?

- ვფიქრობ, წინააღმდეგობაში მოდის სწორედ იმ ნაწილში, სადაც ზემოთმითითებული კანონის მე-4 მუხლის „ბ“ პუნქტი აწესებს საფასურის გადახდას საჯარო რეესტრში დაცული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის. 
თქვენი კონკრეტული მაგალითიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ითხოვთ მხოლოდ საჯარო ინფორმაციას მიწოდებას, რომლის მიღების უფლება „უძრავ ნივთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის შესაბამისად,  აქვს ნებისმიერ პირს და არა სარეგისტრაციო წარმოებას, (საკუთრების, იპოთეკის, გირავნობის და ა.შ) რისთვისაც საფასურის დაწესება მართებულია.

წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან, როდესაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე მუხლი გვეუბნება: 1. ყველას აქვს უფლება მოითხოვოს საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად და აირჩიოს საჯარო ინფორმაციის მიღების ფორმა, თუ იგი სხვადასხვა სახით არსებობს, აგრეთვე გაეცნოს ინფორმაციას დედანში.

აღნიშნული ნორმა გვაძლევს უფლებას მოვითხოვოთ საჯარო ინფორმაცია მისი ფიზიკური ფორმისა და შენახვის მდგომარეობის მიუხედავად, მაგრამ წინააღმდეგობას ვაწყდებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდის წესის შესახებ კანონის მე-3 და მე-4 მუხლებში.

- ე.ი. საჯარო რეესტრის სააგენტოს პასუხი ეყრდნობა საკანონმდებლო ნორმას, რომელიც ეწინააღმდეგება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 38-ე მუხლის იმპერატიულ მოთხოვნას?

-  კი, მაგრამ მათი პასუხი ზუსტად შეესაბამება იმ კანონის მოთხოვნებს, რომლითაც ხელმძღვანელობს საჯარო რეესტრი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის საკითხის გადაწყვეტისას.
ამავე დროს არსებობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული  საფასურის შესახებ კანონის მე-8 მუხლის 1-ლი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი, სადაც მითითებულია, რომ საფასური არ გადაიხდევინება საჯარო ინფორმაციის შემცველი დოკუმენტის ასლის გაცემისათვის.

- რას ემსახურება აღნიშნულ შემთხვევაში ზემოთმითითებული „თ“ პუნქტი, თუ არა უკვე არსებული საჯარო ინფორმაციის (ამონაწერის) ასლის უფასოდ მიღებას?

- სამწუხაროდ, თვითონ კანონი იძლევა საშუალებას, რომ საჯარო დაწესებულებამ - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ საფასური გადაგვახდევინოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის.
რაც შეეხება კანონთა იერარქიულ სისტემას, როგორც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ასევე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის გადახდის წესის შესახებ კანონი, არის ერთ საფეხურზე მდგომი საკანონმდებლო აქტები, შესაბამისად წინააღმდეგობის შემთხვევაში გამოიყენება სამართლებრივი ურთიერთობის უფრო სპეციალური და კონკრეტული მარეგულირებელი ნორმა.

აქედან გამომდინარე, საკანონმდებლო ხარვეზების წყალობით, საჯარო დაწესებულება, როდესაც საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობისათვის საფასურს გვთხოვს, იცავს სპეციალური კანონის მოთხოვნებს.
მსგავს შემთხვევაში მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ხარვეზების გამოვლენა და მათი გაშუქება, კანონში სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების მიღწევის მიზნით.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC