17:04, Tuesday, 02.06.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ერთი კანონი მთელ სისტემას ვერ შეცვლის

10.10.2008
ნონა სუვარიანი, თბილისი

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტი რეფორმების ახალი ტალღის პირველი ნაბიჯია. ასე აფასებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომრე კოდექსის პროექტს, რომელიც 2009 წლიდან ამოქმედდება. კოდექსი ინოვაციებს სამი ძირითადი მიმართულებით გულისხმობს: ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოქმედება, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის წარმომადგენლის შეყვანა.

„ვერდიქტს ნაფიცი მსაჯულები გამოიტანენ, სისხლის სამართლის პროცესი, დაწყებული წინასწარი გამოძიებიდან განაჩენამდე, სრულიად შეიცვლება. გაიზრდება დაცვის უფლებამოსილება და პროცესზე აბსოლუტური შეჯიბრებითობა იქნება. დაცვას ექნება უფლება, სასამართლო პროცესამდე პროკურატურისგან უკლებლივ ყველა მტკიცებულება გამოითხოვოს და თავად ნახოს. სერიოზული უპირატესობაა ისიც, რომ თუ დაცვა თვლის, რომ მის დასაცავს მნიშვნელოვანი ალიბი აქვს, უფლება აქვს პროკურატურას დაუმალოს და პირდაპირ სასამართლოზე გამოიყენოს. ეს სერიოზული უპირატესობაა, რადგან პროკურტურა მოუმზადებელი იქნება. მეორე – თუ პროკურატურამ დაცვას ყველა მტკიცებულება არ გადასცა, მას პროცესზე ვერ გამოიყენებს, რადგან მოსამართლე მას არ მიიღებს. მნიშვნელოვანია მოწმის სტატუსიც – პირველ ოფიცალურ ჩვენებას მოწმე სასამართლზე და არა გამოძიებაში მისცემს. აღარ იქნება საუბარი, რომ გამოძიებაში სხვა თქვა და სასამართლოზე სხვა ანუ, დაცვაც და პროკურორიც საბოლოოდ მოწმეთა ჩვენებებზე იქნებიან დამოკიდებული. გარდა ამისა, მხოლოდ მხარეებს ექნებათ სასამართლოზე კითხვების დასმის უფლება, მოსამართლე ამაში ვეღარ ჩაერევა. მოსამართლე მათ მხოლოდ თვალყურს მიადევნებს და მათ კანონიერებას გააკონტროლებს. ანუ, ყველაფერი მხოლოდ მხარეთა ოსტატობაზე, გამოცდილებასა და განათლებაზე იქნება დამოკიდებული.  მოსამართლე მთავარი ფიგურაა, მაგრამ ის ობიექტურ გადაწყვეტილებას მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით მიიღებს,“ -საუბრობს პროექტის უპირატესობაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, კონსტანტინე კუბლაშვილი.

კოდექსის საჯარო განხილვაში, რომელიც კონსტანტინე კუბლაშვილის ინიციატივით რამდენიმე დღის წინ გაიმართა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, მოსამართლეები და საპარლამენტო ოპოზიციის წევრები მონაწილეობდნენ. მათ შორის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე გიორგი ჩხეიძეც.

ჩვენთან საუბრისას მან აღნიშნა, რომ სასჯელაღსრულებით სისტემაში არსებული პრობლემები მხოლოდ ერთი კოდექსით ვერ გადაწყდება.

გიორგი ჩხეიძე: „პრეზიდენტის მხრიდან ხმამაღალი საუბარი სისხლის სამართლის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მისასალმებელია, თუ ამას კონკრეტული შედეგები მოყვება. როდესაც ჩვენ სასამართლოს დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული პრობლემა ის გახლავთ, რომ რევოლუციის შემდეგ, თუ მართლმსაჯულების სისტემაში ჩვენ ქრთამის აღების პრობლემა აღმოვფხვერით, უფრო გაუარესდა აღმასრულებელი ხელისუფლების და პროკურატურის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლის მხრივ არსებული სიტუაცია“.

მისი შეფასებით, საზოგადოების ნდობის ხარისხი მართლმსაჯულების მიმართ დაეცა. რიგი მიმართულებით კანონმდებლობა შეიცვალა და სასამართლო დისკრეცია, მათ შორის, სანქციების დაკისრების თვალსაზრისით, შეიზღუდა. სასამართლო დარბაზები კამერებისთვის დაიხურა.

„ეს არის მთელი რიგი ღონისძიებებისა, რომლებიც მართლმსაჯულების გაუმჯობესების ეგიდით ტარდებოდა. ვფიქრობ, რომ ყველაზე სერიოზული პრობლემა, რაც ჩვენ გაგვაჩნია ამ მიმართულებით - არათანმიმდევრული ნაბიჯებია. მიუხედავად იმისა, რომ გასულ წელს შევიდა ცვლილება და პრეზიდენტს მოსამართლეების დანიშვნის უფლება ჩამოერთვა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიენიჭა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ რეალური დამოუკიდებლობა უნდა აჩვენოს, უნდა იყოს უფრო გამჭვირვალე. იმ ფაქტმა,, რომ ოპოზიციის წევრები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დაინიშნენ, თავისთავად გამჭვირვალეობას უნდა შეუწყოს ხელი. თუმცა აქვე ისიც არის განსახილველი,, რატომ არ არის იუსტიციის საბჭოში ადვოკატურის წარმომადგენელი“.
 
გიორგი ჩხეიძე საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ დადებით ცვლილებებზე საუბრობს. მთავარია ეს დებულებები სწორად განხორციელდეს, შეიქმნას მექანიზმი იმისთვის, რომ დაცვასა და პროკურატურას შორის შეჯიბრობითობის  პრინციპი მოქმედებდეს. მაგალითად, წინასასამართლო ეტაპზე მოწმის დაკითხვა მხოლოდ მოსამართლის თანდასწრებით იქნება შესაძლებელი. ამასთან დაკავშირებით პროექტში გარკვეული გამონაკლისებია, რომლებიც, ჩვენი აზრით, დასაზუსტებელია.

საია-ს თავმჯდომარე ყურადღებას ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტზე ამახვილებს.
„ვფიქრობ, თუ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის იმპლემენტაცია და საზოგადოების ინფორმირება სწორად მოხდება, ნაფიც მსაჯულთა უსაფრთხოების და დამოუკიდებლობის ნათელი გარანტიები იქნება, ამან შეიძლება ნათელი როლი შეასრულოს პროცესში, რომელიც საზოგადოების ჩართულობას და ზოგადად სისტემის გაჯანსაღებას ითვალისწინებს“.

კიდევ ერთი რეფორმა რომელსაც კოდექსი ითვალისწინებს, კერძო გამოძიების წარმოებაა - პროექტი ადვოკატის მიერ კერძო გამოძიების წარმოებას ითვალისწინებს.

„არსებულ კოდექსში წერია, რომ ადვოკატს უფლება აქვს კერძო გამოძიება აწარმოოს, მაგრამ პრაქტიკაში ეს საკმაოდ რთულად განხორციელებადია. ფაქტობრივად, შეუძლებელი. დამატებით მტკიცებულებებს წარადგენს პროკურორთან და მოსამართლესთან, მაგრამ საკითხავია, რამდენად გაითვალისწინებენ ამ მტკიცებულებებს. გარდა ამისა, რიგ ღონისძიებებს ადვოკატი თავისით ვერ განახორციელებს, მაგალითად, ჩხრეკა, ამოღება და ა.შ. და თუ კერძო გამოძიებისთვის ისეთი გამოძიების განხორციელება აუცილებელია, მოსამართლეს შესაბამისი ბრძანების გაცემა შეუძლია. თუმცა შემდეგი საკითხი დგება, ვინ  აღასრულებს ამას. თავად ადვოკატი სახლში ვერ შეიჭრება და ჩხრეკას ვერ ჩაატარებს, ეს უნდა გააკეთოს თანამდებოის პირმა. კანონის პროექტში ჩადებულია და ეს სწორიცაა, რომ ეს სხვა გამომძიებელმა გააკეთოს, რომელიც ამ საქმესთან კავშირში არ არის. ამ  შემთხვევაში მოსმართლე უნდა იყოს გარანტი, რომ არ გასცენ ინფორმაცია მის კოლეგა გამომძიებელზე, რომელიც ამ საქმეს აწარმოებს. იმიტომ რომ, თუ დაცვის მხარე ჩხრეკას ატარებს, შედეგი შეიძლება მისი საწინააღმდეგი იყოს. ამიტომ უნდა ჰქონდეს არჩევანის შესაძლებლობა, გასცეს ან არ გასცეს ეს ინფორმაცია. ჩნდება კითხვა, იქნება თუ არა მოსამართლე ამ ყველაფრის გარანტი? და ისევ ვუბრუნდებით სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხს“.

გიორგი ჩხეიძე პროექტის პრობლემურ საკითხებსაც შეეხო. პირველ რიგში, ეს დაზარალებულის ინტერესების საკითხია. „ვფიქრობთ, რომ ახალ ვერსიაში ეს დებულებები უფრო გაუარესებულია, ვიდრე მოქმედ კოდექსში“.

 „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტის, ნესტან ლონდარიძის თქმით, ეს კოდექსის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაკლია. პირი დაზარალებულ მხარეს ვეღარ წარსდგება, რაც შესაძლებლობას ართმევს მას თავისი დავა შემოკლებულ ვადებში გადაჭრას და იძულებულია დაელოდოს სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის დადგომას, რათა შემდეგ სამოქალაქო წესით იდაოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის იძულებულია დიდი ოდენობით სახელმწიფო ბაჟი იხადოს.

ახალი პროექტის კიდევ ერთი ნაკლი, საია-ს თავმჯდომარის მტკიცებით, ის არის, რომ არსებული კოდექსიდან გარკვეული ინსტიტუტები, რომლებიც არსებულ კოდექსშიც მიუღებელია, პროექტშია  გადატანილი. მაგალითად, პირის მიმართ დაუსწრებელად მიმდინარეობს სისხლის სამართლის პროცესი და მის მიმართ დგება განაჩენი. პირს ისე უნიშნავენ სასამართლოს და ასამართლებენ, რომ ის ფიზიკურად ქვეყანაში არც კი იმყოფება და სასამართლო პროცესებს არ ესწრება. მას კი შეუძლია დაბრუნება და საქმის ხელახალი გადასინჯვა, მაგრამ სასჯელი უკვე მისჯილი აქვს. თავიდან დაუსწრებელი წარმოება საქართველოში მხოლოდ თანამდებობის პირების მიმართ შემოვიდა და გარკვეული კატეგორიის ბრალდებებს შეეხებოდა. გასულ წელს მიღებული ცვლილების თანახმად დაუსწრებელი წარმოება ნებისმიერ დანაშაულზე დაუშვეს. დღეს მიღებული კოდექსის შესაბამისად, დაუსწრებელი სისხლის სამართლის დევნა შეიძლება იყოს ნებისმიერ ბრალდებულთან მიმართებაში. როცა ეს ევროპის სასამართლომ განიხილა, მან თქვა, დაუსწრებელი წარმოება შეიძლება არსებობდეს, თუ სახელმწიფო დაასაბუთებს, რომ ეს მის ინტერესებშია, რომ პირის და ჩამოსვლამდე ის გაასამართლოს. მაგრამ ეს უნდა იყოს გამონაკლისი.
 
გიორგი ჩხეიძე: „ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაუსწრებელი წარმოება არ არის სწორი და მიზანშეწონილი. ამით სამართლიანი სასამართლოს უფლება ირღვევა. დაცვის უფლება გარანტირებული უნდა იყოს. ოჯახს მხოლოდ 48 საათი ეძლევა, რომ ადვოკატი დანიშნოს. თუ ვერ დანიშნავს, სახელმწიფო უნიშნავს. კი ბატონო, სახელმწიფოს მიერ დანიშნული ადვოკატი შეიძლება იყოს პროფესიონალი, მაგრამ, რა კავშირი უნდა ჰქონდეს მას იმ პირთან, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება, და რომელმაც, შეიძლება, საერთოდ არ იცოდეს, რომ მასზე სისხლის სამართლის დევნა ხორციელდება. იქნება ეს ეფექტური დაცვა? ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ იქნება. ამიტომ შეიძლება დაუსწრებელი წარმოება გარკვეული კატეგორიის დანაშაულებზე დაშვებული იყოს, მაგრამ დაცვის უფლება ნათლად უნდა იყოს გარანტირებული. პირს 48 საათის ნაცვლად უფრო ხანგრძლივი ვადა უნდა მიეცეს, გაიგოს, რომ ასამართლებენ და ჩამოვიდეს“.


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

სექსუალური უმცირესობები საქართველოს ციხეებში
ბლოგი შექმნილია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასჯელაღსრულებისა და პრობაციის რეფორმების ხელშეწყობა და მონიტორინგი სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“
ვრცლად...
უჩინარი მტერი
აპოკალიფსი არ იქნება
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC