17:15, Wednesday, 16.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

დისევის ნაცვლად საბავშვო ბაღი

29.01.2009
 ვენერა ლაღოშვილი
თეა თედლიაშვილი,გორი

სოფელ დისევიდან დევნილი სულიკო ბეღელური მეუღლესთან ერთად დღემდე გორის მეათე საბავშვო ბაღში ცხოვრობს. ბეღელურის მეუღლე ვენერა ლაღოშვილი ამბობს, რომ ხელისუფლებამ მათ კოტეჯი მხოლოდ იმიტომ არ მისცა, რომ ორნი იყვნენ. მათ ხელისუფლებისგან ჯერ არც შეპირებული 10 000 ლარიანი დახმარება მიუღიათ.

"ორ სულიან ოჯახებზე კოტეჯები არ არისო,- ასე გვითხრეს. მანდაც ეტყობა, ნაცნობობით არის ყველაფერი, თორემ ორ სულიან ოჯახებსაც მისცეს და ერთ სულიანებსაც. თითო ოჯახმა სამი და ოთხი კოტეჯიც აიღო, კი ვიცით ვინ არიან მაგრამ ვერ გეტყვით, ახლაც კარგად ითბობენ ხელს, ვისაც ვინმე ჰყავთ,"-ამბობს ვენერა ლაღოშვილი.

საბავშვო ბაღში შესახლებული დევნილებისთვის 26 იანვრის შემდეგ, ადგილზე კვებაც აღარ არის, დევნილებს ახლა სხვა ადგილას შეპირდნენ გამოკვებას, თუმცა ჯერ ეს საკითხი მოგვარების პროცესშია.

„აქამდე საკვებს ადგილზე გვირიგებდნენ ხოლმე, ახლა გვითხრეს აღარ დაგირიგებთ, სადაც ვაკეთებთ იქ მოდით და ჭამეთო. ვიყავი მისული და ჯერ მაგიდებს ამზადებენ,"-ამბობს სულიკო ბეღელური.

დისევიდან კონფლიქტის დროს დაზარალებულ სულიკო ბეღელურს სოფელში ორ სართულიანი სახლი დაუწვეს. მართალია, თვითონ სახლის დაწვას არ შესწრებია, მაგრამ სოფელში შესვლა მაინც მოახერხა და თავისი თვალით იხილა გაცამტვერებული კარ-მიდამო. ბეღელურებმა ქონებიდან მხოლოდ ხუთი ქათმის და ერთი ძროხის გადარჩენა შეძლეს, დანარჩენი რაც ჰქონდათ ცეცხლის ალში გაეხვა.

სულიკო ბეღელური თვალცრემლიანი ყვება, როცა დამწვარი სახლი მოინახულა.
"ჩემმა მეზობელმა მომიყვა როგორ წვავდნენ ოსები. ერთი ოსი იყო ჩემი მეზობელი - ოლია გიგოლაევი; ის გადაეღობა თურმე წინ ჩემს სახლს რომ სწვავდნენ. ეს კარგი კაცია, ობლად გაზრდილია და ნუ დაუწვავთ სახლსო. წადიო, უთქვამთ და უსვრიათ ჩემი სახლისთვის. შორიდან ესროდნენ რაღაცას და სახლში ფეთქდებოდა და ასე ეკიდებოდა ცეცხლი. ბევრნი იყვნენ, დაახლოებით 20 კაცამდე, დადიოდნენ და სწვავდნენ სახლებს, მთვრალები იყვნენ, ნიღბები არ ეკეთათ, ოსურად ლაპარაკბდნენ. სახლს ცეცხლს, რომ წაუკიდებდნენ, დაიძახებნდნენ ხოლმე "წავიდაა" და სხვაგან გადადიოდნენ. მეზობლები სულ ოსები გვყავდა, ქართველებმაც იციან ოსური და არ იყო ძნელი გარჩევა ოსები იყვნენ თუ რუსები,"-ამბობს სულიკო ბეღელური, რომელიც დედით თვითონაც ოსია და გულდაწყვეტილი იხსენებს იმ დროს, როცა ოსები და ქართველები ერთად ძმურად ცხოვრობდნენ.

სულიკო ბეღელურის ინფორმაციით, დისევში დაწვას მხოლოდ ორი სახლი გადაურჩა. იმ ორ სახლში რუსებს შტაბი აქვთ გაკეთებული და იქიდან აკონტროლებენ აგვისტოს შემდეგ მიტაცებულ ქართულ სოფლებს.

დამწვარი სახლის ნახვის შემდეგ ბეღელურები დისევში აღარ ასულან. ხანშიშესული ცოლ-ქმარი ახლა მხოლოდ იმას ნატრობს, რომ სოფელში როგორმე დაბრუნდნენ და ხეხილის ბაღი და კაკლის ხეები მაინც არ დახვდეთ მოჭრილი. სხვა მხრივ, იმედოვნებენ, რომ სამყოფ საზრდოს მაინც მოიპოვებენ.

"შვიდი ტომარა მარტო კაკალი მქონდა, ძალიან ბევრი კაკლის ხე გვედგა; ორი ტომარა თხილი, სამშენებლო მასალა, 5 მეტრიანი უჟანგი რკინის მილები, ასევე ე.წ. "უგოლნიკები", სახრახნისები. ქვაბები, ჭურჭელი და უამრავი საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

ბაღები გვქონდა, 100 ყუთი ვაშლი მოგვდიოდა, კომში, ჟოლო. ვაზი მქონდა ბევრი, დაახლოებით 50 ყუთ ყურძენს ვკრეფდი, 14 მეასედზე მქონდა ყურძენი გაშენებული. წელს მოსავალი ვერაფერი ავიღეთ. გვქონდა ასევე 50 მეასედი, სადაც ლობიო და კარტოფილი მოგვყავდა. ერთ ტონამდე ღვინო მქონდა სახლში, 60 ლიტრი არაყი,"- ამბობს ვენერა ლაღოშვილი.

დისეველები ახლა ისევ გორის მეათე საბავშვო ბაღში ცხოვრობენ, არანაირი კომპენსაცია მათ ჯერ არ მიუღიათ. ახლა განცხადება შეიტანეს კომპენსაციაზე და 10 000 ლარის მოლოდინში არიან. თან უხარიათ, თავის შესაფარებელ სახლს მაინც ვიყიდითო. ხანშიშესულ ადამიანებს ამ დღემდე საბავშო ბაღში უწევთ ცხოვრება, თანაც საკვებად ქალაქში საკმაოდ შორ მანძილზე უნდა იარონ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC