კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნანა კაკაბაძე ჟურნალისტს ცრუ დასმენისთვის უჩივლებს

24 ივლისი, 2009

თაკო ხუციშვილი

არასამთავრობო ორგანიზაციის „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავჯდომარე ნანა კაკაბაძეს ქალთა კოლონიაში მოწყობილი ბუნტის ორგანიზებაში ადანაშაულებენ.

გაზეთ „პრაიმ ტაიმის“ 20 ივლისის ნომერში დაიბეჭდა ჟურნალისტ მირიან ბოქოლიშვილის სტატია, რომელშიც 18 აპრილის ქალთა ბუნტის ორგანიზატორად ნანა კაკაბაძეა მოხსენიებული. ჟურნალისტი თავის ბრალდებას, სატელეფონო ჩანაწერით „ამტკიცებს“, რომელიც მას ანონიმურობის გარანტიით გააცნეს.

„პრაიმ ტაიმს“ ხელში ჩაუვარდა სკანდალური ჩანაწერი, რომელიც ბუნტის დროს ქალთა კოლონიასთან არის ჩაწერილი. არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე  ნანა კაკაბაძე ტელეფონით ესაუბრება ერთ-ერთ პატიმარს, რომელიც სავარაუდოდ ბუნტის მოთავე უნდა ყოფილიყო. ჩანაწერში მხოლოდ კაკაბაძის ხმა ისმის, რადგან ის მის შორიახლო მდგომმა პიროვნებამ დიქტოფონით სრულიად შემთხვევით ჩაიწერა. ჩანაწერში გარკვევით ისმის კაკაბაძის სიტყვები, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: მიდით, კარებს  მიაწექით, აბრახუნეთ... მე გარეთ გავწვები და არავის შემოვუშვებ...“ - ვკითხულობთ სტატიაში.

ნანა კაკაბაძე ჟურნალისტის ამ ბრალდებას აბსურდულს უწოდებს და ჩანაწერის თაობაზე შენიშნავს: „როგორ ფიქრობთ ასეთი ჩანაწერი მართლა რომ არსებობდეს, ხელისუფლება აქამდე არ გამოაქვეყნებდა? ძიება ამ საქმეზე დამთავრებულია და ის სასამართლოს უკვე გადაეცა. 38 ქალის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. თუ რაიმე კითხვის ნიშანი გაჩნდებოდა ჩემთან დაკავშირებით აუცილებლად დამკითხავდნენ“.

ნანა კაკაბაძემ მირიან ბოქოლიშვილს ჩანაწერის ჩვენება მოსთხოვა, მაგრამ მისგან უარი მიიღო. მიზეზად ბოქოლიშვილმა ინფორმაციის კონფიდენციალურობა დაასახელა. „მე არ მაინტერესებს იმ ჟურნალისტის გვარი და სახელი ვინც ეს ჩანაწერი გააკეთა. მხოლოდ ჩანაწერის მოსმენას ვითხოვ, რომელიც ვითომდა ამტკიცებს ჩემ ბრალეულობას“.

მისთვის მიუღებელია ჟურნალისტის არგუმენტაცია. ბოქოლიშვილი ამბობს, რომ ჩანაწერი მას არ გააჩნია და მოასმენინეს. კაკაბაძეს ეს ფაქტი საეჭვოდ ეჩვენება და ამბობს: „თუ წერილს წერ და ადამიანს ადანაშაულებ მაშინ რა უფლებით არ იტოვებ მტკიცებულებას, რომელსაც აუცილებლად მოგთხოვენ?“

არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე, გაზეთში გამოქვეყნებულ მასალას „შავ პიარს“ უწოდებს, რომელსაც ხელისუფლება მიზანმიმართულად ახორციელებს ადამიანის უფლებათა დამცველებზე: „წერილის მიზანი ჩემთვის ნათელია. ვიღაცას უნდა ხელი შეუშალონ  ჩვენს საქმიანობას. როგორც გავარკვიე გაზეთი გიგი უგულავას ეკუთვნის. მირიან ბოქოლიშვილი კი  არის ჩვეულებრივი პაგონიანი თანამშრომელი, რომელმაც შეასრულა მისი დავალება“, – აცხადებს ნანა კაკაბაძე.

მას შემონახული აქვს ერთ-ერთი პატიმრის მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომელიც მან ბუნტის დღეს მიიღო. „ქალბატონო ნანა ქალთა ციხეში ბუნტია, 23 შეწყალებულის მაგივრად გავიდა 10 ქალი, დიდი უსამართლობაა, შეიწყალეს „უდოშნიკები“. ყველაფერი დალეწილია, გვეშინია სპეცნაზი მოჰყავთ, სოზარს უთხარით და გაახმაურეთ“. ნანა კაკაბაძის განცხადებით, ეს მოკლე ტექსტური შეტყობინება ნათლად მიუთითებს, რომ მან პატიმრებისგან ბუნტის შესახებ წინასწარ არაფერი იცოდა, ჟურნალისტი კი მას ბუნტის პროვოცირებას აბრალებს.

ნანა კაკაბაძე ჟურნალისტს ცრუ დასმენაში ადანაშაულებს და მომზადებული აქვს საჩივარი, რომელსაც უახლოეს დღეებში სასამართლოში შეიტანს. იმ შემთხვევაში, თუკი ჟურნალისტი ბრალდების დამამტკიცებელ საბუთს არ წარმოადგენს, მას თავის სიმართლის დამტკიცება უკვე სასამართლო პროცესზე მოუწევს.

თავის მხრივ მირიან ბოქოლიშვილი, აცხადებს, რომ მან ნამდვილად მოისმინა მსგავსი ჩანაწერი და თუ საჭირო გახდება სასამართლოს აუცილებლად წარუდგენს ჩანაწერს. „თუ ჩივილს აპირებს, ეს მისი უფლებაა, საჭიროების შემთხვევაში სასამართლოს წარვუდგენ ამ ჩანაწერს, მაგრამ ვერ გავამჟღავნებ იმ პირის ვინაობას, ვინც  ჩანაწერი მომასმენინა“ - განაცხადა ჟურნალისტმა.

ახალი ამბები