კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ მიემგზავრებოდნენ ჩოხატაურელი ჩინოვნიკები უკრაინაში

19 იანვარი, 2010

ნატო გოგელია, „გურია ნიუსი“

უკრაინაში 17 იანვარს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე საქართველოდან 500-მდე დამკვირვებელი (ძირითადად - სახელისუფლებო წრეებიდან) 14 იანვარს უნდა გამგზავრებულიყო. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქართველ დამკვირვებელთა შორის იყო ორი ჩოხატაურელი - საკრებულოს მმართველი ფრაქციის თავმჯდომარე, შოთა სირაძე და გამგებლის მოადგილე, დიმიტრი კორიფაძე. ისინი 12-კაციანი სიიდან შეარჩიეს. როგორც მათი კოლეგები ჩვენთან საუბრისას აღნიშნავენ - ალბათ, იმიტომ, რომ კარგი აღნაგობა აქვთ. ჩოხატაურელი ჩინოვნიკებისთვის უცნობია სხვა მიზეზი, თუ რატომ გადაწყდა კორიფაძისა და სირაძის უკრაინაში გამგზავრება.

12 იანვარს ქუთაისში უკრაინაში წამსვლელ დამკვირვებლებთან შეხვედრა მოეწყო და ინსტრუქციებიც დაურიგდათ. შეხვედრის დეტალები უცნობია. თუმცა, კულუარული ინფორმაციით, მათ არჩევნებზე დაკვირვება ზედმეტი ხმაურის გარეშე დაევალათ ერთი პრინციპის გამო: „იუშჩენკო საქართველოს პრეზიდენტის მეგობარი და ნათესავია“.

დიმა კორიფაძემ იცის, რატომ მიდის, მაგრამ ვერ გვეუბნება ვინ და რატომ შეარჩია მისი კანდიდატურა:

- 14 იანვარს მივდივართ მე და შოთა სირაძე.

- რატომ თქვენ და შოთა? როგორც თქვენმა კოლეგებმა გვითხრეს, ალბათ, იმიტომ, რომ ფიზიკურად კარგად გამოიყურებით...

- ფიზიკურად ჩვენ, ყველანი, ჩოხატაურელები, კარგად გამოვიყურებით.

- მაშინ ის გვითხარით, რატომ დიმა და შოთა და არა ვთქვათ, გია ან ზურაბი?

- ეგ არ ვიცი. მე არ ამირჩევია.
 
- ვინ შეარჩია?

-  არ ვიცი.

- კი, მაგრამ, თქვენი ინიციატივით ხომ არ მიდიხართ? ვინ გითხრათ, რომ უკრაინაში დამკვირვებლად უნდა გაემგზავროთ?

-  ვინ მითხრა და (რამდენიმეწამიანი ფიქრის შემდეგ (ნ.გ.)), ბატონმა გამგებელმა, მამუკა დოლიძემ.

- დოლიძემ გადაწყვიტა, რომ თქვენ უნდა წასულიყავით?

- მან არა. სიები იყო და იქიდან აირჩა.

- რა პრინციპით და ვინ აარჩია?

-  არ ვიცი.

- ვისი ფულით მიდიხართ?

- მივდივართ, როგორც საქართველოს მთავრობის საერთაშორისო დამკვირვებლები . სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა ამის თანხა.

- ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა არ გაიცემა.

- მხოლოდ სადღეღამისო მივლინება გაიცემა.

- ძალიან საინტერესოა, რამდენად კარგად დააკვირდებით არჩევნებს. გურიაში რომ იყოს, კიდევ ჰო... რაღაც ხერხები მშვენივრად იცით. უკრაინაში რა უნდა გააკეთოთ?

-  დამკვირვებლები დემოკრატიულად აკვირდებიან არჩევნებს. რაღაც პროცესები არ დაირღვეს და ა.შ.

- დიმა კორიფაძე ამბობს, რომ უკრაინაშიც დემოკრატიას დაუჭერს მხარს?

-  რა თქმა უნდა. თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, დაიცვას კანონი და კონსტიტუცია.

- თქვენი აზრით, ვინ გაიმარჯვებს? ცნობილი ფაქტია, რომ საქართველო იუშენკოს უჭერს მხარს...

- არ ვიცი. საქართველოში რომ იყოს არჩევნები, გეტყვით. უკრაინაზე კი, არაფრის თქმა არ შემიძლია.

- მაშინ გვითხარით, ვინ გაიმარჯვებს თვითმმართველობის არჩევნებში?

- ჩოხატაურზე მეკითხებით?

- თუნდაც...

- „ნაციონალური მოძრაობა“.
 
- რატომ, იმიტომ რომ დიმა კორიფაძე და შოთა სირაძეა მისი სახე?

- დიმა კორიფაძეა, გია გიორგაძეა, მამუკა დოლიძეა, ანტონ ხუნდაძეა და ა.შ

- და, მხოლოდ ამიტომ გაიმარჯვებთ?

- რა თქმა უნდა. ჩვენ ასე გვჯერა, ყოველ  შემთხვევაში.

ჩოხატაურის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის, ზურაბ ჩანტლაძის განმარტებით, სირაძეს და კორიფაძეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დღეში 35 დოლარი (პენსიონერის ერთი თვის პენსია) მხოლოდ კვებისთვის მიეცემოდათ. სასტუმროსა და მგზავრობის ხარჯებს კი ცენტრალური ბიუჯეტი დააფინანსებდა.

14 იანვარს უკრაინაში გასამგზავრებლად გაზადებულ ჩინოვნიკებს, რომლებსაც, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ანკეტების შევსებაც კი გაუჭირდათ, ბარგის ამოლაგება მოუწიათ. უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, მათ მიღებაზე უარი განაცხადა.

ექსპერტთა განმარტებით, 2000 ჩინოვნიკის დამკვირვებლად გამგზავრების შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით, მხოლოდ მათი კვებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტებიდან დაახლოებით 4 მილიონი ლარი დაიხარჯებოდა.

ახალი ამბები