კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ნოღაიდელის პარტია ხელისუფლებას მხარდამჭერების დატერორებაში ადანაშაულებს

23 თებერვალი, 2010

გელა მთივლიშვილი, კახეთი

მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მხარდამჭერების დატერორებაში ადანაშაულებს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაშინების შედეგად პარტიის გურჯაანის ორგანიზაცია 19-მა აქტივისტმა დატოვა, 3 მხარდამჭერი კი სამსახურიდან გაათავისუფლეს. პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციას შპს „გემოს“ და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელები კატეგორიულად უარყოფენ.

პარტიის ცნობით, აქტივისტების დაშინება, შანტაჟი და ფსიქოლოგიური ზეწოლა თითქმის ყოველდღიურად ხორციელდება. „ხელისუფლება განსაკუთრებით იმ აგიტატორებზე ნადირობს, ვისაც ტრენინგი აქვს გავლილი და პროგრამა „კარდაკარში“ მონაწილეობს“, - აცხადებს პარტიის კახეთის კოორდინატორი ლევან ხაზიური.

„14-16 თებერვალს გურჯაანში დააშინეს მოძრაობის აგიტატორები: მარინე კობიაშვილი, ნონა მელექსიშვილი, მარი ჩახოშვილი, ნუცა ყიასაშვილი, ლია კობიაშვილი, ციცო ღვინიაშვილი, რამაზ უტიაშვილი, ლილი ბასილაშვილი, ციალა კვეზერელი, მიხეილ დათუაშვილი, ელენე პეტროზაშვილი, ნათელა ბიწკინაშვილი, მამუკა კოშაძე, დავით ზვერიაშვილი, ლალი ძიბელაშვილი, ნელი თევდორაშვილი და ლალი იმერლიშვილი. ზოგიერთ მათგანს სოციალური დახმარების შეწყვეტით, ზოგს კი, როგორც „მოღალატე პარტიის წევრებს“ დაპატიმრებით დაემუქრნენ.

მოძრაობის დატრენინგებული აგიტატორები, ლალი ორთოიძე და ეთერ ზარდიაშვილი გურჯაანში, ინდმეწარმე ზაზა ჭაჭუკაშვილის კუთვნილ ხორცკომბინატში მუშაობდნენ. „ზაზა ჭაჭუაშვილთან მივიდა უბნის ინსპექტორი და მოსთხოვა, რომ თუ მისი თანამშრომლები ზურაბ ნოღაიდელის მოძრაობის რიგებს არ დატოვებდნენ, ისინი სამსახურიდან გაეთავისუფლებინა. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემების შექმნით თავად ჭაჭუკაშვილს დაემუქრნენ“, - ნათქვამია პარტიის პრესსამსახურის განცხადებაში.

„კიდევ ერთმა აგიტატორმა მარინე ჯიქურიშვილმა აგიტატორის ტრენინგი 14 თებერვალს დაასრულა, მაგრამ მეორე დღეს „კარდაკარში“ მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ჯიქურაშვილის მეუღლეს სამსახურის დატოვებით დაემუქრნენ. ზვიად ჯობინაშვილმა, რომელიც „სახალხო ბანკის“ გურჯაანის ფილიალის დაცვის თანამშრომელია, სამსახურის დაკარგვას არჩია, მის მეუღლეს მოძრაობასთან კავშირი გაეწყვიტა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში მცხოვრებ კობა კურტანიძეს, რომელიც მოძრაობის აქტივისტი იყო, ამავე სოფლის გამგებელი ვალერი ირომაშვილი დაემუქრა. თუ კურტანიძე მოძრაობას არ ჩამოშორდებოდა, მასაც და მის მეუღლესაც სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ და პრობლემებს შეუქმნიდნენ“, - იუწყება ნოღაიდელის პარტიის პრესსამსახური.

მათივე ინფორმაციით, მოძრაობის წევრებზე ზეწოლა განხორციელდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშიც. „მოძრაობის ყოფილი წევრი ნატო ყაჭაშვილი, რომელიც ვაშლოვანის ნაკრძალში გიდის თანამდებობაზე მუშაობდა, სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ერთ-ერთმა მოქალაქემ კი, რომელსაც მოძრაობაში გაწევრიანება სურდა, ამ ნაბიჯის გადადგმაზე უარი მხოლოდ იმიტომ თქვა, რომ სოციალური დახმარების მოხსნის შეეშინდა“, - ამბობს პარტიის რეგიონალური კოორდინატორი ლევან ხაზიური.

მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ პარტიული ნიშნით მოქალაქეების  დევნის ფაქტებზე სამართლებრივ რეაგირებას ითხოვს.

ნოღაიდელის პარტიის განცხადებაში გამოთქმულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფენ ვაშლოვანის ნაკრძალის ადმინისტრაციის დირექტორი მერაბ ფიროსმანაშვილი და შპს „გემოს“ ხელმძღვანელი ზაზა ჭაჭუკაშვილი.

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიის ადმინისტრაციის უფროსის მერაბ ფიროსმანაშვილის განცხადებით, ნატო ყაჭაშვილს გიდად მუშაობაზე ვადიანი ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული, რომლის ვადაც ამოიწურა. „ჩვენთან სეზონური მუშაობაა. ძირითადად, ზაფხულში ვმუშაობთ. როგორც კი ტურისტების რაოდენობა გაიზრდება, ყაჭაშვილს სამუშაოდ ისევ მოვიწვევთ“, - განაცხადა ფიროსმანაშვილმა.

„ლალი ორთოიძე და ეთერ ზარდიაშვილი ისევ სამსახურში მუშაობენ. ისინი სამსახურიდან არავის დაუთხოვია. პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - აღნიშნა ზაზა ჭაჭუკაშვილმა.

ნოღაიდელის პარტიასთან კავშირს საერთოდ უარყოფს ლალი ორთოიძე. მისი თქმით, პარტიის ერთ-ერთი აგიტატორი მის მეზობლად ცხოვრობს, თუმცა მისთვის არავის არაფერი შეუთავაზებია, არც პარტიაში გაუვლია ტრენინგი და არც აგიტატორი ყოფილა.

ახალი ამბები