კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გურამ ოდიშარია: „აფხაზებთან უსაშველო პრობლემა გვექნება, სანამ პოლიტიკა არ გაადამიანურდება“

12 მარტი, 2010
თაკო ხუციშვილი   

„დღეს ბევრი გამოდის ლოზუნგით, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა მნიშვნელოვანი. არადა, უმთავრესი მაინც ადამიანური მთლიანობის, ადამიანური ურთიერთობების აღდგენაა. ჩვენ კვადრატული მეტრებით დაბრუნებული აფხაზეთი კი არ გვჭირდება, არამედ პირველ რიგში, ადამიანმა ადამიანი უნდა დაიბრუნოს. სამწუხაროდ პოლიტიკოსები ადამიანის ფაქტორს  ვერ ხედავენ. ხედავენ მხოლოდ დიდ პოლიტიკას და რაღაც სქემებს“, - აცხადებს humanrights.ge-სთან საუბრისას სოხუმელი მწერალი, გურამ ოდიშარია.

გურამ ოდიაშარიამ საშუალო სკოლაც და უმაღლესი სასწავლებელიც სოხუმში დაამთავრა. ლექსებს ბავშვობიდან წერდა. თუმცა, ლექსებზე უფრო ადრე მისი ნახატები გამოქვეყნდა. პროფესიით ისტორიკოსი და ფილოლოგია. იყო აფხაზეთის მწერალთა კავშირის მრჩეველი და სოხუმში აქტიურ ჟურნალისტურ მოღვაწეობას ეწეოდა. 1987 წლიდან სოხუმში გამომავალ ჟურნალ „რიწას“ რედაქტორობდა, რომელიც როგორც თვითონ ამბობს, ქართველებსა და აფხაზებს  შორის ურთიერთობის ხიდი იყო. სოხუმის დაცემის შემდეგ უღელტეხილით გადმოვიდა. ამჟამად მხატვრული პროზაა  მისი მოღვაწეობის არეალი. მისი წიგნი „სოხუმში დაბრუნება“, რომელიც ხუთჯერ გამოიცა, ქართველებსა და აფხაზებს შორის მოლაპარაკებების ერთ-ერთ საფუძვლად იქცა.  მწერალს უამრავი აფხაზი მეგობარი ჰყავს და მათთან ურთიერთობას დღესაც აგრძელებს. გურამ ოდიშარიას სჯერა, რომ ადამიანური ურთიერთობის კარი არასოდეს იხურება.

-    ბატონო გურამ, თქვენ ხშირად ჩადიხართ აფხაზეთში. როგორი ურთიერთობა გაქვთ მათთან, შეიცვალა დამოკიდებულება?
 
-    ეს ურთიერთობა არის ძალიან გულწრფელი. მე ხშირად მყავს  აფხაზი სტუმრები. ჩამოდიან ისეთებიც, ვისაც არ ვიცნობ. მიმოსვლა ქართველებსა და აფხაზებს შორის ძალიან დიდია. ეს საჯაროდ ცნობილი ხალხი არ არის. მათ ქართულ-აფხაზური კომისიაც ეხმარება.  მე ახლობელი და მეგობარი ყველა სფეროში მყავს. მოლაპარაკებები აფხაზებთან  1997 წელს დავიწყე. მათ  სოჭში შევხვდი. ასევე ვხვდებოდით თბილისში და  კავკასიის სხვა ქვეყნებშიც.  სოხუმში კი პირველად 2004 წლის 10 იანვარს ვიყავი.

-    არ გაგიჭირდათ?

-    ამას თავის წინაპირობა ჰქონდა.  აფხაზეთში ჩემი წიგნები უკვე ჰქონდათ წაკითხული. „სოხუმში დაბრუნება“ რუსულად ითარგმა და მათ ეს წიგნი ძალიან კარგად მიიღეს. აქ იყო მოგონებები იმ ლამაზი ქალაქისა, იმ სოხუმისა, რომელიც ფაქტობრივად თვითონაც აკლიათ. ომის შემდეგ ქალაქები ძალიან სწრაფად იცვლება.  სოხუმიც სხვანაირი გახდა. ამიტომ წიგნს ნოსტალგიურად კითხულობდნენ. ადამიანი გადაღალა დაძაბულობამ და დაპირისპირებამ.   ჩემი წიგნი კი თანაგრძნობითაა დაწერილი. ორივე მხარის სატკივარითაა სავსე. 1997 წელს, როცა ქართულ-აფხაზური სახალხო დიპლომატიის  ფარგლებში პირველი შეხვედრა მზადდებოდა, მათ ჩემთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს. ბავშვობიდან მეგობრები მყავს აფხაზები, ბერძნები, სომხები, უკრაინელები, ებრაელები. იმ ქალაქში ჩვენ ძალიან შეზრდილი ვიყავით. ახლაც აფხაზეთში ვინც არის ხელისუფლებაში, ჩემი თაობაა. მე თავს ვარიდებ პოლიტიკურ შეხვედრებს. თუმცა, ერთი-ორჯერ მიმიწვიეს. მე არ ვარ პოლიტიკოსი ან  გადაწყვეტილებების მიმღები კაცი. როცა არჩევნები ახლოვდება, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები მირეკავენ და მათთან დგომას მთხოვენ, რომ ხალხს აჩვენონ - ჩვენ აფხაზებთან ვსაუბრობთო. ეს ყველაფერი დროებითია. არჩევნები რომ ჩაივლის, ბევრს ავიწყდება ქართულ-აფხაზური ურთიერთობები. აფხაზებმა კი იციან, რომ მე თავისუფალი მწერალი და მხატვარი ვარ, გულწრფელად აღვიქვამ მათ ტკივილს. ამიტომ ეს მიადვილებს მათთან ურთიერთობას. მე შემიძლია, მათ მწარედ ვუთხრა ისეთი რაღაც, რასაც სხვას ვერ მოუთმენენ. ერთმა აფხაზმა ქალმა მითხრა - შენ არამარტო  ქართველი მწერალი, არამედ სოხულემი მწერალიც ხარო. მე მიხარია და ვამაყობ, რომ სოხუმის ლიტერატურის ერთ-ერთი მტვირთავი ვარ.

-    თქვენი აზრით, თუ არსებობს აფხაზებსა და ქართველებს შორის შერიგების რესურსი? ალბათ, ამაზე ხშირად გიფიქრიათ?

-    ნებისმიერი კონფლიქტის შემდეგ თეორიულად ყოველთვის არსებობს შერიგების რესურსი, რადგან ხშირად იცვლება პოლიტიკა და  შეიძლება, მოულოდნელად ყველაფერი მოხდეს. ჩვენ ომამდე სოხუმში ვცხოვრობდით. ვხედავდით, როგორ იძაბებოდა სიტუაცია, მაგრამ არც ჩვენ და არც ჩემს აფხაზ მეგობრებს არ გვჯეროდა, რომ ასეთი ომი შეიძლება წარმართულიყო. სამწუხაროდ, არც ერთ მხარეს არ აღმოგვაჩნდა ისეთი ლიდერები, რომლებიც საერთო ენას მოძებნიდნენ.  ეს იყო ილუზიების პერიოდი. დრო როცა გავიდა, ეს ილუზიები საპნის ბუშტივით გასკდა. ყველასთვის ცნობილია გლობალური პოლიტიკა.  მეც და ჩემ მეგობრებსაც მიგვაჩნია, რომ სიბრძნის, ისტორიული გამოცდილების, სიყვარულისა და თანაგრძნობის წყალობით, გლობალურ პოლიტიკაში  ღირსეულ ადგილს დავიმკვიდრებთ. პატარა ბავშვმაც იცის რუსეთის აგრესიული პოლიტიკა. ისინიც, რა თქმა უნდა გრძნობენ აფხაზეთის მიწაზე რუსეთის გაბატონებას.

დღეს ბევრი გამოდის ლოზუნგით, რომ ტერიორიული მთლიანობის აღდგენაა მნიშვნელოვანი. არადა, უმთავრესი მაინც ადამიანური მთლიანობის, ადამიანური ურთიერთობების აღდგენაა. ჩვენ კვადრატული მეტრებით დაბრუნებული აფხაზეთი კი არ გვჭირდება, არამედ პირველ რიგში, ადამიანმა ადამიანი უნდა დაიბრუნოს. სამწუხაროდ პოლიტიკოსები ადამიანის ფაქტორს  ვერ ხედავენ. ხედავენ მხოლოდ დიდ პოლიტიკას და რაღაც სქემებს. მხოლოდ რაღაც სქემებით კი იმ ხალხთან ვერ ვილაპარაკებთ, ვისთანაც საუკუნეები ვცხოვრობდით, ვაგებდით ეკლესია-მონასტრებს. ეს გენეტიკური მახსოვრობა არსებობს ხალხში, მაგრამ სამწუხაროდ ბევრი ადამიანის მიერ  არ არის გამოყენებული. აფხაზებთან უსაშველო პრობლემა გვექნება, სანამ პოლიტიკა არ გაადამიანურდება.

-    „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ 2007 წლიდან დაიწყო კამპანია „ბოდიში“. ბევრი ამბობს - ქართველებს საბოდიშო არაფერი გვაქვსო. თქვენ რას ფიქრობთ ამ კამპანიაზე?

-    მე საქმის კურსში ვარ და მივესალმები ამ კამპანიას. სამწუხაროდ, არ ვიცი აფხაზების რეაქცია ამასთან დაკავშირებით. აქაური რეაქციები კი ვიცი - ბევრი ბრაზდება, საბოდიშო რა გვაქვს, იმათ მოიხადონ ბოდიშიო და ა.შ  რადიკალური ლიდერები მათაც ჰყავდათ და ჩვენც გვყავს. ისინი სამწუხაროდ დღემდე ვერ მორიგდნენ.  როდესაც ერთი ადამიანი, თუნდაც იგი არაფერში დამნაშავე არ იყოს, ბოდიშს იხდის, ეს ათბობს ურთიერთობას. მე იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, ვისაც მიაჩნია, რომ ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა. საჭიროა, ვისაუბროთ ჩვენ მინუსებზე და რომ არ ვსაუბრობთ, ეს არის უბედურება. შედეგს ვერ მივაღწევთ თუ ჩვენს სულებში არ მოხდება კათარზისი.

-    აფხაზი ხალხისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს აფხაზი უხუცესების პოზიციას. ცნობილია, რომ 20 წლის წინ ე.წ.  ლიხნის ყრილობაზე მათ ანტიქართული პოზიცია დაიკავეს. დღეისთვის რა განწყობაა მათში, როგორ აფასებენ ისინი რეალობას?

-    სამწუხაროდ, დღევანდელ სიტუაციაში აფხაზი უხუცესების აზრი ისეთი გადამწყვეტი და ყურადსაღები აღარ არის. აფხაზეთის  საზოგადოება კი, ზოგადად, პატარაა, მაგრამ მაინც ჭრელია. პრობლემებს სხვადასხვაგვარად ხედავენ. ძალიან ბევრ აფხაზს უნდა, განიმუხტოს ეს დაძაბული მდგომარეობა და მზად არის დიალოგისთვის. მათ უნდათ, ურთიერთობებისათვის საერთო წერტილი მოვძებნოთ, რაც კარგი იქნება აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც. არიან რადიკალურად დაპირისპირებულებიც, რომლებსაც  ქართველებთან საუბარი არ სურთ. თუმცა, ბოლო პერიოდში რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ  აღიარებამ და რუსი სამხედროების მოძალებამ ბევრს აზრი შეაცვლევინა. მთავარია, გადაწყვეტილების მიმღებმა ხალხმა გააკეთოს ბევრი რამ. ცუდია, რომ ოცი წლის წინანდელი პერიოდი არ არის გაანალიზებული პოლიტიკური ელიტის მიერ. არ მომხდარა გამომწვევი მიზეზებისა და სამხედრო შეტაკებების ანალიზი. სამწუხაროდ, არ არის გამოყენებული ამ ურთიერთობის გამოცდილების მატარებელი ხალხის აზრი.

-    თქვენს სახლში თუ მიხვედით?

-    ომის შემდეგ ჩემს სახლში არ ვყოფილვარ და არც ვაპირებ იქ მისვლას, ვიდრე ყველანი არ დავბრუნდებით. სოხუმში ჩასვლამდე მოვიარე ჩრდილო და სამხრეთ კავკასია. ბევრი გაუბედურებული დევნილი ვნახე და მივხვდი ერთ რამეს - თუ ადამიანებმა საერთო ენა ვერ მოძებნეს, ჩემი სახლი სოხუმში მხოლოდ ქვიშა და აგურია ჩემთვის, რომელიც იდგა და იდგება. ბევრმა დაკარგა ომის დროს ქონება, მაგრამ ჩემთვის მთავარია სასაფლაოები და ხსოვნა არ დაიკარგოს. ჩემი აფხაზი მეგობარი მამაჩემის საფლავს პატრონობს. საფლავის ქვაც კი ადგილზეა. ეს უფრო ძვირფასია ჩემთვის.

ჩვენ ვცხოვრობთ ზეპოლიტიზირებულ სივრცეში, სადაც ცოტა ადგილი რჩება  ადამიანური ურთიერთობისთვის, რაც ჩვენ და აფხაზებს უწინ განსაკუთრებით ბევრი გვქონდა. ბევრი ამბობს, სიძულვილი აქვთ აფხაზებსო. ეს არ არის სიმართლე. როცა იქ ჩადიხარ და ეკრანსა და გაზეთებს მოიშორებ, მხოლოდ ურთიერთობები რჩება. აფხაზეთის პირველი ლედი ქართველია - შონია. ესეც დიდი რესურსია. ადამიანური ურთიერთობების კარი არასოდეს იხურება. ჩვენ არა მარტო კულინარია გვაქვს ერთი,  ჩვენი სიმღერები და ცეკვებიც ძალიან ჰგავს ერთმანეთს, ჩვენი მსოფლმხედველობაც საერთოა, ანუ ერთნაირად ვაფასებთ ვაჟკაცობას, სიყვარულს და ერთგულებას. აფხაზებს არ შეუცვლიათ თავიანთი აფსუარა, ანუ დაუწერელი ზნეობრივი კანონი.

ახალი ამბები