კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

განათლების სამინისტროს ჩინოვნიკები სკოლის დირექტორს თანამდებობის დატოვებას აიძულებენ

8 ივლისი, 2010
ჯი-ეიჩ-ენი

თბილისის მე-14 სკოლის დირექტორს ზვიად მიმინოშვილს დაკავებული თანამდებობის დატოვებას აიძულებენ, – ამის შესახებ „თავისუფლების ინსტიტურის“ წევრმა თეა თუთბერიძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიმინოშვილი სამინისტროში ორჯერ დაიბარა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსმა, ირაკლი ანდრიაძემ, მისი თქმით, აღნიშნულ ფაქტამდე ცოტა ხნით ადრე მე-14 სკოლაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექცია იყო შესული.

თუთბერიძის მტკიცებით, პირველად ანდრიაძემ საკუთარი ხელით ამოუბეჭდა განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ და აიძულა მასზედ ხელი მოეწრა, რის შემდეგაც დირექტორის ეს განცხადება გადაუგზავნეს სკოლის სამეურვეო საბჭოს, თუმცა როდესაც სამეურვეო საბჭოს წევრებმა მიმინოშვილისგან მოისმინეს არსებული რეალობა, დირექტორი დაკავებული თანამდებობიდან არ გაათავისუფლეს.

თუთბერიძე ყვება, რომ ანდრიაძემ ზვიად მიმინოშვილი თავის კაბინეტში ხელმეორედ დაიბარა, და ამისთვის მასწავლებელთა პროფესიული სინდიკატის ხელმძღვანელი ტატო შავშიშვილი და მისი მოადგილე ნუკრი მაჭავარიანი გამოიყენა, რომლებიც ზვიად მიმინოშვილთან მეგობრობენ.

თეა თუთბერიძის თქმით, იგი დირექტორს შეხვდა და მისდა დაუკითხავად, ჩანთაში ჩამწერი აპარატი ჩაუდო, რადგან ვარაუდობდა, რომ იგივე უკანონო მოთხოვნას ექნებოდა ადგილი.

თუთბერიძემ ჯი-ეიჩ-ენს გადმოუგზავნა 52-წუთიანი ჩანაწერი, სადაც ჩანს, რომ ირაკლი ანდრიაძე, ნუკრი მაჭავარიანი და ტატო შავშიშვილი მე-14 სკოლის დირექტორს სთხოვენ, დატოვოს დაკავებული თანამდებობა.

საუბარში მონაწილეობენ: მე-14 სკოლის დირექტორი ზვიად მიმინოშვილი, მასწავლებელთა პროფესიული სინდიკატის ხელმძღვანელი ტატო შავშიშვილი, მისი მოადგილე ნუკრი მაჭავარიანი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი ირაკლი ანდრიაძე და გლდანი-ნაძალადევის რესურს-ცენტრის უფროსი რუსუდან ჩხეტია.

აღსანიშნავია, რომ ირაკლი ანდრიაძე საუბარში მინისტრსაც ახსენებს და აცხადებს, რომ იგი მინისტრის სიტყვებს იმეორებს. იმ შემთხვევაში თუ მიმინოშვილი თანამდებობას დატოვებს, ანდრიაძე მას ჰპირდება, რომ სხვა ადგილას კერძოდ, უნივერსიტეტში გადაიყვანს სამუშაოდ.

ციტირება ჩანაწერიდან - ირაკლი ანდრიაძე: „ეხლა გეუბნები მინისტრის სიტყვებს, კიდე გიმეორებ, მე გუშინაც და დღესაც მქონდა საუბარი მინისტრთან, რო ამ კაცს არ ეგონოს, რომ ჩვენ ვართ შენს მიმართ მტრულად განწყობილი. თვითონ მინისტრმა მითხრა, რო არ ეგონოს მაგ კაცს, ჩვენ მაგისი რამე გვჭირს აი ააა და უუუუ, ჩვენ რო ესე ვიყოთ განწყობილები, ამდენ ხვეწნას არ დავიწყებდით ხო. არა ვართ შენ შემოგევლე მასე განწყობილები. ეს ესე უნდა გაკეთდეს, დანარჩენი მიგულე ყველაფერში გვერდით, ყველა ასპექტში ძმაო. შენ თვითონაც მითხარი ხო უნივერსიტეტში მინდაო, არაა პრობლემა. დაჟე იმასაც გეტყვი ძმაო, რომ მინისტრმა თქვა, სხვა სკოლის დირექტორადაც შესაძლებელია რო გაუშვათო“.

ჩანაწერის მიხედვით, ნუკრი მაჭავარიანი ზვიად მიმინოშვილს აფრთხილებს, რომ შესაძლებელია მან ერთი წლის განმავლობაში 2 გაფრთხილება მიიღოს და ამ გზით მოუწიოს დირექტორის თანამდებობის დატოვება, ამიტომ მაჭავარიანი მე-14 სკოლის დირექტორს ურჩევს ანდრიაძის წინადადებას დათანხმდეს.

ციტირება ჩანაწერიდან – ნუკრი მაჭავარიანი: „ზვიად, ეს შეიძლება იურისტმა ამაზე თქვას ესეთი რაღაცა, შეხედე ზვიად. ერთი წლის განმავლობაში ორ გაფრთხილებას თუ იღებ, ორი გაფრთხილება თქვენ მიღებული არა გაქვთ, მაგრამ აქ მთავარია, თუ საჯარო სკოლა შეამოწმეს და დაგიწერენ გაფრთხილებას, მერე მოგცემენ 6 თვის ვადას და განმარტებებს რო მოიტან აქ, გულახდილად გეუბნები რა, ჩაგითვლიან რო ის განმარტებები ვერ აკმაყოფილებს იმ ნაკლოვანებებს, რაც თქვენ დაგიწერეს და ამ პირველივე პუნქტით შეიძლება გაგიშვან მერე რა. ეს ყველაზე კარგი ვარიანტია, ზვიად, არ ვიცი, თქვენი გადასაწყვეტია“.

როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, ზვიად მიმინოშვილს არ მოსწონს დაკავებული თანამდებობის დატოვების ფორმა და ფიქრობს, რომ გენერალური ინსპექციის სკოლაში სესვლის შემდეგ მისი გათავისუფლება გარკვეულ ეჭვებს გამოიწვევს.

ციტირება ჩანაწერიდან – ზვად მიმინოშვილი: „თვითონ ფორმაა რა - გენ.ინსპექცია შემოვიდა და ეგრევე დავწერე განცხადება და მივდივარ. ე.ი. რა რო აღმოგიჩინეს ისეთი დარღვევები და გახვედი გარიგებაზე, რო ვთქვათ ა და ოღონდ პასუხი არ მაგებინოთ. ესე აღიქმება სკოლაშიც და საზოგადოებაშიც“.
 
აღნიშნულზე ნუკრი მაჭავარიანი სკოლის დირექტორს შემდეგ წინადადებას სთავაზობს: „თუ გინდათ ესეთი რაღაც გავაკეთოთ, რო მორჩება ყველაფერი, დაიწერება ბრძანება , მერე სკოლაში მოვა რუსუდან ჩხეტია და იტყვის რო ზვიადს არავითარი დარღვევები არ ჰქონია და ის გადავიდა უნვერსიტეტში. არ გინდა ასეთი რაღაც, ზვიად“.
 
როგორც თეა თუთბერიძემ ჯი-ეიჩ-ენს განუცხადა, საბოლოოდ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მე-14 სკოლის დირექტორს სრულიად უსაფუძვლო და არარსებული დარღვევები მაინც აღმოუჩინა და შენიშვნაც დაუწერა, თუმცა მისივე განცხადებით, სკოლის სამეურვეო საბჭო ზვიად მიმინოშვილს მხარს უჭერს და ამიტომ მისი ამ გზით გათავისუფლება ძალიან გაუჭირდებათ.

თუთბერიძისვე განმარტებით, შესაძლებელია საქმეც აღძრან ირაკლი ანდრიაძისა და სხვა საქმეში პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ. ასევე თუთბერიძე მზადაა ის ჩანაწერი, რომელიც მან გააკეთა ექსპერტიზაზეც წარადგინოს და მისი აუთენტურობა ამ გზით დაამტკიცოს.

ახალი ამბები