აფხაზები შეთანხმებას კვლავ არღვევენ
სოხუმი.27.07.04.მედია-ნიუსი. აფხაზეთში დაიწყო ფართომასშტაბიანი სამხედრო წვრთნები, რომელშიც სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების თავდაცვის მინისტრის ვიაჩესლავ ეშბას განცხადებით, 15 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და რეზერვისტი მონაწილეობს.
მისივე თქმით, წვრთნები არ უკავშირდება სამხრეთ ოსეთში შექმნილ ვითარებას და მისი ჩატარება ჯერ კიდევ 2003 წელს დაიგეგმა.
„ჩვენ რესპუბლიკის საბრძოლო მზადყოფნას ყოველთვის ვამოწმებთ“, – აღნიშნა ეშბამ და დასძინა, რომ სწავლებები რუსი სამშვიდობოების მიერ კონტროლირებად ტერიტორიას არ შეეხება.
ქართულმა მხარემ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საპროტესტო წერილით უკვე მიმართა საქართველოში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჰაიდი ტალიავინის. სახელმწიფო მინისტრის გიორგი ხაინდრავას განცხადებით კი, აფხაზეთში დაწყებული სამხედრო წვრთნების ჩატარება არღვევს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც კონფლიქტის ზონაში ამ ტიპის ღონისძიებები დაუშვებელია.
სამხედრო წვრთნები 31 ივლისს დასრულდება.