დღეს საქართველოს ეკონომიკის განვითარების სამინისტროსთან გამართულ აქციაზე დევნილებმა წყნეთში მდებარე მათი საცხოვრებელი სახლის აუქციონის წესით მოსალოდნელი გაყიდვა გააპროტესტეს.
დევნილებს მხარს უჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის” და პოლიტიკური მოძრაობა „ჩვენ თვითონ”.
ამჟამად წყნეთში 5000-მდე დევნილი ცხოვრობს, რომლებიც ხელისუფლებამ იქ 14 წლის წინ დაასახლა. როგორც „მედიანიუსს” არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „ჩვენი უფლებებისათვის“ ლიდერმა დავით ლილუაშვილმა განუცხადა, 21 ივნისს ეკონომიკის სამინისტრო იმ შენობის აუქციონის წესით გაყიდვას აპირებს, რომელშიც ათეულობით დევნილი ცხოვრობს.
ლილუაშვილის თქმით, ხელისუფლება მათ, ფაქტობრივად, ალტერნატიული ფართის გარანტიას არ აძლევს. ასე რომ, დევნილები ქუჩაში რჩებიან და ხელმეორედ იქცევიან დევნილებად. თუმცა, ამჯერად არა აფხაზი სეპარატისტების, არამედ საკუთარი ხელისუფლების ხელით,
დევნილთა თქმით, საპროტესტო აქციები პერმამენტულად გაიმართება. თუკი არაფერი შეიცვლება, 21 ივნისს აქციის მონაწილეები ეკონომიკის სამინისტროსთან მისვლასა და აუქციონის ჩაშლას აპირებენ.
წყარო: მედიანიუსი