კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
გამოცემები
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამართლებულია თუ არა, რელიგიური ხასიათის ღონისძიებებზე საბიუჯეტო თანხების გამოყენება

9 იანვარი, 2013
 
ნინო მშვიდობაძე, გურია

გურიაში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რელიგიური ხასიათის ღონისძიებების განხორციელება ტენდენციად იქცა. მაგალითად, ბოლო ორი წლის განმავლობაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ამ პროგრამიდან, სოფლებში შვიდი ეკლესიისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე 42 ათას ლარამდე დაიხარჯა.  

რამდენად კანონიერია ბიუჯეტიდან რელიგიური ღონისძიებებისთვის თანხების გამოყოფა და რატომ ხმარდება ეს თანხები მხოლოდ ერთ რელიგიასთან - მართლმადიდებლობასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებას? ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამგვარი ტენდენცია გარკვეული რისკის შემცველია.

2011 წელს სოფლის პროგრამის ფარგლებში სოფელ ჯიხანჯირის ეკლესიის ეზო შეიღობა და ეკლესიასთან მისასვლელი გზა შეკეთდა. ჯიხეთის მონასტრისთვის კი მზის ბატარეები შეიძინეს; ამავე პროგრამის ფარგლებში სოფელ აცანაში ოქონის მონასტერთან მისასვლელ გზაზე გარეგანათება მოიწყო; მამათში კი, შათირის უბნის ეკლესიის გალავანი შეკეთდა. მაჩხვარეთში ეკლესიის სამშენებლო სამუშაოები ჩატარდა. სოფელ ნიგოითში კი, მშენებარე ეკლესიის ქვის ღობე მოეწყო. 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ თანხის გამოყენებასა და მიზნობრიობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის დადგენილებები, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესაბამისად ყოველწლიურად ცალკე გამოიცემა ხოლმე.  ამ დადგენილების ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ხარჯვის მიზნობრიობის განსაზღვრა სოფლის მოსახლეობასთან  წინასწარი კონსულტაციის შედეგად უნდა მოხდეს.

humanright.ge-მ  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან შესაბამისი ოქმები გამოითხოვა. სოფელ ჩოჩხათში მოსახლეობის გამოკითხვის გრაფაში, სადაც მოსახლეობა ხელმოწერებით ადასტურებდა, სურდა თუ არა ჯიხანჯირის ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობა, აღმოჩნდა ისეთი ადამიანების ხელმოწერები, რომლებიც ბათუმში, თბილისსა და ფოთში ცხოვრობენ. 

სოფელ ნიგოითში 2012 წლის მარტში ჩატარებულ კრებაზე ჯიხეთის მონასტრისათვის მზის ბატარეების შეძენა მხოლოდ ერთმა ადამიანმა - ჯიხეთის მონასტრის იღუმენმა, არქიმანდრიტმა ანდრია კბილაშვილმა დააყენა. ამ პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე სოფლის კიდევ სამმა მცხოვრებმა ისაუბრა, რის შემდეგაც მონასტრისთვის მზის ბატარეების შეძენისთვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან 2 553 ლარის გამოყოფა უაპელაციოდ გადაწყდა. 

არის თუ არა კანონიერი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში რელიგიური სახის ღონისძიებებზე თანხმების გამოყოფა? საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის თავმჯდომარე, ლევან ხინთიბიძე ამბობს, რომ კანონი ამ საკითხთან დაკავშირებით შეზღუდვებს არ აწესებს. თუმცა, ტენდენცია რისკის შემცველია.

აცანაში 2012 წლის 27 მარტს ჩატარებულ კრებაზე ოქონის მონასტერთან მისასვლელ გზაზე გარეგანათების მოწყობა ერთმა ადამიანმა - ნ. დუმბაძემ მოითხოვა და აღნიშნა, რომ ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია. საწინააღმდეგო აზრი აქაც არავის გამოუთქვამს. გარეგანათების მოსაწყობად გამოიყო 6 112 ლარი.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანხის გამოყენება და მიზნობრიობა საქართველოს მთავრობის დადგენილებებით განისაზღვრება. 2012 წლის დადგენილების მიხედვით, თანხების ხარჯვაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, სოფლის მოსახლეობასთან წინასწარი კონსულტაციები უნდა შემდგარიყო და თანხების გახარჯვა მხოლოდ მათ მიერ წამოჭრილი საჭიროებების გათვალისწინებით უნდა მომხდარიყო. ამავე დადგენილების მიხედვით, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებებით  სარგებლობის საშუალება სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას უნდა ჰქონდეს და შესრულებულ სამუშაოს უნდა ჰქონდეს ხანგრძლივი გამოყენების დანიშნულება, ანუ არ უნდა იყოს ერთჯერადი. თუ ამ დადგენილებით განსაზღვრულ წესებს აკმაყოფილებს ზემოხსენებულ სოფლებში განხორციელებული რელიგიური ღონისძიებები,  მაშინ რაიმე სამართლებრივ დარღვევასთან საქმე არ გვაქვს. თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, კანონის მოქმედების პრინციპი ყველა რელიგიისთვის ერთი და იგივე უნდა იყოს. ანუ თუ ფინანსდება ერთი რელიგიური მიმდინარეობის ღონისძიებები, მაშინ დაფინანსების მოთხოვნის უფლება სხვასაც აქვთ“, - ამბობს ლევან ხინთიბიძე და ამატებს, რომ საბიუჯეტო თანხების მხოლოდ ერთ კონფესიასთან, ამ შემთხვევაში - მართლმადიდებლობასთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე გამოყოფა გარკვეულწილად რისკის შემცველია, რადგან ამან, შესაძლოა, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების უკმაყოფილება გამოიწვიოს. 

„არ უნდა დაგვავიწყდეს ის გარემოება, რომ საქართველოში სხვა რელიგიური კონფესიებიც მოქმედებს. დღევანდელი კანონმდებლობით ყველას აქვს უფლება, გაიაროს რეგისტრაცია როგორც საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა. ეს კი ნიშნავს, რომ ამ რელიგიურ მიმდინარეობებსაც ეძლევა უფლება, საქართველოში ჰქონდეს უძრავ-მოძრავი ქონება (რელიგიური შენობები, საბანკო ანგარიშები და სხვ.). ამავდროულად, არც არავინ იტყვის უარს საბიუჯეტო დაფინანსებაზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, უმჯობესია, საკუთარი სულიერების ასამაღლებლად და რწმენაში განსამტკიცებლად კერძო და პირადი რესურსები გამოვიყენოთ და არა საბიუჯეტო, რათა შემდგომში ეს გაუგებრობების მიზეზი არ გახდეს“, - ამბობს ხინთიბიძე.

ახალი ამბები