კახეთის საინფორმაციო ცენტრი
კახეთის საინფორმაციო ცენტრი საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს ხელმძღვანელობას ზეწოლაში ადანაშაულებს და მოითხოვს, შინაგან საქმეთა მინისტრმა დაუყოვნებლივ აღკვეთოს კახეთის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლების უკანონოდ დაჯარიმების და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტები.
კახეთის საინფორმაციო ცენტრის საგანგებო განცხადება
2012 წლის დეკემბერში, კახეთის საინფორმაციო ცენტრისთვის ცნობილი გახდა, რომ საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოში განყოფილების უფროსებს, ოცმეთაურებს და ათმეთაურებს დააწერინეს განაცხადებები სამსახურიდან წასვლის შესახებ. სამმართველოს უფროსად დანიშნულმა დიმიტრი მაისურაძემ დააწინაურა თავისი ნათესავები. გარდა ამისა, საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დაასაქმეს პირები, რომლებიც ყოფილი ხელისუფლების პირობებში მხილებული არიან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, მათ შორის ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებშიც არიან მოხსენიებულები.
აღნიშნული ფაქტების გადამოწმების მიზნით, 2013 წლის 23 იანვარს, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა განცხადებით მიმართა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს და შემდეგი საჯარო ინფორმაციის მოწოდება მოითხოვა: 2012 წლის 01 ოქტომბრიდან სამმართველოში დანიშნული თანამდებობის პირების შესახებ ინფორმაცია, ვინაობა, პოზიცია რაზედაც დაინიშნენ (დანიშვნის დრო) და ბიოგრაფიული მონაცემები; სამმართველოდან საკუთარი განცხადების საფუძველზე განთავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, თითოეული მათგანის ვინაობის, განცხადების დაწერის და სამსახურიდან გათავისუფლების დროის მითითებით; სამმართველოდან ხელმძღვანელობის მიერ გათავისუფლებულ თანამშრომელთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია თითოეული მათგანის ვინაობის, თანამდებობის, სამსახურიდან გათავისუფლების დროის მითითებით; საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოში 2012 წლის 01 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით დასაქმებული თანამშრომლების სია, გვარის, სახელის, თანამდებობის, დანიშვნისა და გათავისუფლების დროის და საფუძვლის მითითებით.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი ასევე ითხოვდა პატრულ – ინსპექტორის ზვიად ცნობილაძის შესახებ ინფორმაციას, კერძოდ, საპატრულო პოლიციიდან მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანების, სამსახურებრივი მოკვლევის დოკუმენტის და შემდეგ თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანების ასლებს.
2013 წლის 30 იანვარს, საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს უფროსმა დიმიტრი მაისურაძემ კახეთის საინფორმაციო ცენტრს აცნობა, რომ განცხადება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შესახებ შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, დავით ცინარიძეს.
5 თებერვალს კახეთის საინფორმაციო ცენტრმა ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს. კახეთის საინფორმაციო ცენტრი ითხოვს შს მინისტრმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს საჯარო ინფორმაციის დაუყოვნებლივ გაცემა დაავალოს.
შს სამინისტროში კახეთის საინფორმაციო ცენტრის ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა დანიშნულია 26 თებერვალს, 12:00 საათზე.
ამ პერიოდის განმავლობაში, საპატრულო პოლიციის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები კახეთის საინფორმაციო ცენტრზე ზეწოლას ახდენენ. 26 დეკემბერს, კახეთის საინფორმაციო ცენტრმა გაავრცელა განცხადებადა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვა ოფიციალური განმარტება ჟურნალისტებისთვის შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით, კერძოდ, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის საბაბით ჟურნალისტების სისტემატურად გაჩერების, შემოწმების, რაც დაახლოებით 20 წუთს გრძელდება ხოლმე, უცენზურო სიტყვების გამოყენების, ასევე პოლიციის შესახებ კანონით დადგენილი სხვა მოთხოვნების დარღვევის ფაქტებზე. კახეთის საინფორმაციო ცენტრმა შსს–დან ვერავითარი განმარტება ვერ მიიღო. განცხადების გავრცელებიდან იგივე ფაქტები კიდევ არაერთხელ განმეორდა.
2013 წლის 20 თებერვალს, დაახლოებით 16:00 საათზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი ვასილ გიორგაძე, რომელიც საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდა, სოფელ პატარძეულში, პატრულის მანქანით დაედევნა კახეთის საინფორმაციო ცენტრის კუთვნილ ავტომანქანას, მოსთხოვა გაჩერება და მძღოლი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაში დაადანაშაულა. მანქანაში იმყოფებოდა კახეთის საინფორმაციო ცენტრის რედაქტორიც. კახეთის საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიციის თანამშრომელს განუმარტეს, რომ მოძრაობის წესები არ დაურღვევიათ და ღერძულა ხაზი არ გადაუკვეთავთ. ამის მიუხედავად, პატრულმა კახეთის საინფორმაციო ცენტრის მძღოლი 100 ლარით დააჯარიმა. აღნიშნული ფაქტის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა მაშინვე შეატყობინა შსს–ს გენერალურ ინსპექციას ცხელ ხაზზე, საიდანაც საპატრულო პოლიციაში გადაგვამისამართეს.
უკანონოდ დაკისრებული ჯარიმებით, დამოუკიდებელ მედიაორგანიზაციას, რომელიც დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ფუნქციონირებს, ადგება მატერიალური ზიანი. ამასთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები თავიანთი ქმედებებით ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებენ ჟურნალისტებზე, რაც ხელს გვიშლის მუშაობაში.
კახეთის საინფორმაციო ცენტრი მიმართავს შინაგან საქმეთა მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილის, სასწრაფოდ აღკვეთოს საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან ზეწოლის ფაქტები.
ასევე, მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, უფლებადაცვით ორგანიზაციებს და მედიას, დაინტერესდნენ აღნიშნული ფაქტებით და რეაგირება მოახდინონ“.
ვიდეო