ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი ნაციონალური მოძრაობის აქტივისტს მარინა უტიაშვილს სასამართლოში უჩივის და მისგან, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების საჯაროდ უარყოფას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
როგორც ცნობილია, 2008 წლის 10 მაისს, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტმა და ამავე დროს გურჯაანის საჯარო სკოლის დირექტორმა მარინა უტიაშვილმა ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მეშვეობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლითაც ის ჟურნალისტს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში ამხელდა.
"ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი გათავისუფლებულ პედაგოგთან თამარ ქოროღლიშვილთან ერთად, ინფორმაციის გადამოწმების გარეშე შემოიჭრა სკოლაში და შეურაცხყოფა მიაყენა პედაგოგებსა და სამეურვეო საბჭოს წევრებს. იმ დღიდან მოყოლებული გელა მთივლიშვილი ყველანაირად ცდილობს დირექტორის დისკრიმინაციას, აქვეყნებს ცილიმწამებლურ წერილებს, მიგზავნის სხვადასხვა პირებს, სცადა ჩემი მოსყიდვა. მის აზრით, ადამიანის უფლებების დაცვა ხდება ქუჩაში დახვედრებით, მუქარით, სხვა უკანონო ქმედებებით და ა.შ", - აღნიშნავდა უტიაშვილი. ჟურნალისტის დასჯის მოთხოვნით, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტმა პოლიციასაც მიმართა, მაგრამ დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრა.
ჟურნალისტის სარჩელი გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ განსახილველად წარმოებაში უკვე მიიღო.
წყარო: „ადამიანის უფლებათა ცენტრი“