პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

თბილისის მერიის მიერ შექმნილი კერძო ფონდები და უგულავას ნათესაური კავშირები

17.05.2012


„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ და სტუდია „მონიტორმა“ ქალაქ თბილისის მერიის მიერ შექმნილი კერძო ფონდების საქმიანობის დეტალები შეისწავლეს. ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ანგარიში მოამზადა, „მონიტორმა“ კი საგამოძიებო ფილმი გადაიღო.

როგორც ჩვენთან საუბრისას ფილმის ავტორმა ნანა ბიგანიშვილმა აღნიშნა, მერიამ ძველი თბილისის რეაბილიტაციისათვის კერძო ფონდები შექმნა, რომელიც ბიუჯეტიდან შენობების სარეაბილიტაციოდ მიღებულ თანხებს გაუმჭვირვალედ ხარჯავდა, სამუშაოებს კი ხშირად ტენდერების გარეშე ახორციელებდა.

ნანა ბიგანიშვილი, გამომძიებელი ჟურნალისტი: „ეს ფილმი არის იმის შესახებ თუ როგორ ასხვისებს მერია კულტურულ ძეგლებს, როგორ დაააფუძნა თბილისის მერიამ ფონდები, რომლებიც აღარ ექვემდებარება საჯარო წესრიგს. კანონით მათ უნდა ჰქონდეთ ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც აუცილებელია, თუმცა ისინი თვითნებურად იქცევიან. მუშაობისას გამოჩნდა, რომ მერიის მიერ დაფუძნებული ფონდები ახორციელებდნენ რეაბილიტაციის პროცესს. ასევე მერია ბიუჯეტის თანხებს გადასცემდა შემდეგ ამ ფონდებს და ისინი არ ატარებდნენ ტენდერებს. გარდა ამისა, კანონში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ ისტორიულ უბანში არსებულ შენობებს მერია გადასცემდა ამ ფონდს, რომელიც არის არასამეწარმეო, არაკომერციული პირი და შემდეგ ეს ფონდი ასხვისებდა ამ ქონებას ყოველგვარი კონკურსისა და ტენდერის გარეშე. ისინი ამ ქონებას ვისაც და რა ფასადაც სურთ ისე ყიდიან. მაგალითად, აღმაშენებლის გამზირზე გადაცემული შენობები ფონდმა გაყიდა და ამ შენობების ნაწილი იყიდა ობშორში დარეგისტრირებულმა კომპანიამ, რომლის წარმომადგენელი საქართველოში არის გიორგი ყომიაშვილი, გიგი უგულავას ცოლის დის ქმარი. ძალიან საინტერესო მასალა არის რიყეზეც. რიყე 2006 წელს გაყიდა სახელმწიფომ 7 მილიონ დოლარად მიჰყიდა შ.პ.ს. „ახალ რიყეს“. ეს ბიზნეს ჯგუფი დაკავშირებულია შარანგიებთან. დოკუმენტაცია ამის შესახებაც გვაქვს. მათ უნდა შეესრულებინათ საკონკურსო პირობები. 2008 წლის დეკემბერში, ისე რომ არაფერი არ გაუკეთებიათ ამ კომპანიის წარმომადგენლებს, მერიის მიერ დაფუძნებულმა ფონდმა უკან გამოისყიდა ეს ყველაფერი 17 მილიონ დოლარად“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი აცხადებს, რომ ანგარიშის მომზადებისას მერიისა და ფონდის საქმიანობის კორუფციული ნიშნებიც გამოიკვეთა. მისი თქით, მერიის მიერ აღნიშნული ფონდებისთვის გადარიცხული სოლიდური თანხები, ხშირ შემთხვევაში, იკარგებოდა.

„ანგარიში, კერძო ფონდების მიერ განხორციელებულ ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროცესის მიმდინარეობას ეხება. სახელმწიფოს მიერ შექმნილი ფონდებიდან, ასობით მილიონი ლარია გახარჯული, რაზეც გამჭვირვალობის კუთხით ძალიან სერიოზული პრობლემები გამოიკვეთა. პირველ რიგში, თანხის კვალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან იკარგება. უცნობია, კონკრეტულად ამა თუ იმ დაკვეთის შესრულებაზე გამოყოფილი თანხის ოდენობა, ასევე, სამუშაოების შემსრულებელი კომპანიები. ხშირ შემთხვევაში, ადგილი აქვს, შერჩევით მოგებულ  ტენდერებს. დიდი პრობლემაა ისიც, რომ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მერიას მიეცა საშუალება ფონდებს ძვირადღირებული კულტურული ძეგლების სტატუსის მქონე ან სტატუსმოხსნილი შენობების გასხვისება, რის შემდგომაც არის ფონდების მიერ აღნიშნული შენობების გაყიდვის ფაქტები. გაყიდვისა და გასხვისების პროცესი ასევე აბსოლუტურად გაუმჭვირვალეა. უცნობია, ქონების შემძენი, გასხვისების ღირებულება და გაყიდვიდან მიღებული თანხის შემდგომი დანიშნულება. ანგარიშში, მერიის მიერ ფონდისთვის გადაცემული, დაახლოებით 56 შენობაა შესული“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
 
ფილმის ნახვა დაინტერესებულ პირებს ტვ „მაესტრის“ ეთერის საშუალებით შეეძლებათ.

ორიგინალი

<< უკან დაბრუნება