პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

დაკარგულია გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი

13.06.2012
გაუჩინარებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი, მამუკა ჯიბლაძე.  ახლობლები მას 11 ივნისის შემდეგ ეძებენ.
 
ინფორმაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლებმა „ნეტგაზეთს“  დაუდასტურეს, თუმცა, დეტალების განმარტებისგან თავი შეიკავეს.
 
„ჯერჯერობით, თავს ვიკავებთ მეტი დეტალის თქმისგან, ვშიშობთ ამის გასაჯაროვებით მეტი საფრთხე არ შევუქმნათ მას“, - ამბობს „ნეტგაზეთთან“ საუბარში ცენტრის ყოფილი თანამშრომელი. 
 
მამუკა ჯიბლაძე, მოსწავლეთა კომპიუტერზე ადაპტირებული საატესტატო გამოცდების (CAT) ალგორითმის ავტორია.
 
აღნიშნული ფაქტის შესახებ კომენტარისთვის ნეტგაზეთმა დღეს, 13 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. როგორც შს  სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა, შოტა უტიაშვილმა გვითხრა, მისთვის ეს ფაქტი ცნობილი არ არის და გაარკვევს.

მოგვიანებით უტიაშვილმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლის, მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარების ფაქტი დაადასტურა. როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ უტიაშვილმა განუცხადა, ჯიბლაძის გაუჩინარების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკარგულის ნათესავებმა მიმართეს. „ნათესავებმა მიმართეს პოლიციას გაუჩინარების თაობაზე და მიმდინარეობს ძებნა“, - განაცხადა უტიაშვილმა.
 
ჯიბლაძემ გამოცდების ეროვნული ცენტრი მას შემდეგ დატოვა, რაც გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი განათლების მინისტრმა თანამდებობიდან დაითხოვა. 

ნეტგაზეთი

<< უკან დაბრუნება