პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

ნოდარ ჯავახიშვილი „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორის პოსტიდან გათავისუფლებულია

13.07.2012
ნოდარ ჯავახიშვილი „ქართუ ბანკის“ გენერალური დირექტორისა და „ქართუ ჯგუფის“ პრეზიდენტის თანამდებობიდან გათავისუფლებულია . როგორც ჯავახიშვილმა განაცხადა, მასთან ერთად სამსახურიდან დათხოვნილია „ქართუ ბანკის“ მთელი დირექტორატი. მისივე ინფორმაციით, ახლად დანიშნული სამეურვეო საბჭოს სხდომის ოქმი გათავისუფლების შესახებ მათ ფოსტით მიუტანეს.

„ყველა სერიოზული პერსონის ერთად გათავისუფლება წარმოუდგენელია. უგულავა ჩვენ არ გვინახავს. ამით ხელისუფლებამ „ქართუ ბანკთან“ 9 თვიანი ბრძოლის ეპოპეა დაასრულა“, - განაცხადა ჯავახიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობის საფუძველზე „ქართუ ჯგუფისა“ და „პროგრეს“ ბანკის აქციების მმართველად ვლადიმერ უგულავა დანიშნა.

„2012 წლის 12 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა სს „ქართუ ჯგუფის“ აქციათა 100%-ის და სს „პროგრეს ბანკის“ აქციათა 21,71450%-ის მმართველის დანიშვნის თაობაზე. აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველად, პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით დაინიშნა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი ვლადიმერ უგულავა“, - აღნიშნულია აღსრულების ბიუროს განცხადებაში.

ინტერპრესნიუსი

<< უკან დაბრუნება