პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

საია საზოგადოებასთან ურთიერთობას აძლიერებს

09.08.2012
„იცოდე, ვის და რისთვის ირჩევ“, „ჩემი ხმა პარლამენტში“ - ამ პროექტების ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალი აქტიურ მუშაობას იწყებს. 7 აგვისოს ორგანიზაციის წევრები მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მომავალი აქტივობების შესახებ ისაუბრეს.

„პროექტის ფარგლებში დაგეგმილია რიგი საქმიანობები. პირველ რიგში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამოქმედდება ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც გაიცემა სამართლებრივი კონსულტაციები მოქალაქეებისთვის. ადამიანებს უნდა ჰქონდეთ მაქსიმალური ინფორმაცია როგორც წინასაარჩევნო, ისე შემდეგ პერიოდში. ასევე, მნიშვნელოვანია მუნიციპალური ორგანოების საქმიანობები. რამდენად შეესაბამება ისინი ხალხის, ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნებს. ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ სწორედ მუნიციპალური ორგანოა შუამავალი რგოლი მასსა და პარლამენტს შორის. დაგეგმილი გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტთან“, - ამბობს საიას ქუთაისის ფილიალის წარმომადგენელი ნინო თვალთვაძე.

შეხვედრაზე, რომელსაც პოლიტიკური პარტიებისა და საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ, ითქვა, რომ როგორც წინასაარჩევნო, ისე მის შემდგომ პერიოდში, ყურადღების ცენტრში ძირითადად დედაქალაქის და ქვეყნის მსხვილი ქალაქების პრობლემები ექცევა. პერიფერიები კი, ყურადღების მიღმა რჩება. ასევე, სოფლის მოსახლეობა სერიოზულ ინფორმაციულ კრიზისსაც განიცდის.

„ჩვენი მიზანია, არსებული საკითხები რეგიონულ ჭრილში განვიხილოთ და შესაბამისად, ქმედითი ღონისძიებები განვახორციელოთ; აქტიურად ვიმუშაოთ მაჟორიტარი კანდიდატების ბიუროებთან და დავეხმაროთ ხალხს მეტი კონტაქტი და ინფორმაცია ჰქონდეთ ყველაზე ელემენტარულ და ერთი შეხედვით ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხზეც კი“, - განაცხადეს საიას წარმომადგენლებმა.

შორენა კაკაბაძე, ქუთაისი 

<< უკან დაბრუნება