თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და მისი წევრი ორგანიზაციები პარასკევს, 17 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ჰეიდარ ალეიევის სახელობის სკვერში აზერბაიჯანში დაპატიმრებული უფლებადამცველების მხარდასაჭერ აქციას გამართავენ. აქციის მონაწილეები სკვერიდან მდუმარე მარშით, აზერბაიჯანის საელჩოსთან გადაინაცვლებენ.
აზერბაიჯანში, ბოლო თვეების განმავლობაში, უფლებადამცველების მიმართ უპრეცედენტო სადამსჯელო ღონისძიებები განხორციელდა. თითქმის ერთნაირი ბრალდებებით (გადასახადების თავიდან არიდება, უკანონო ბიზნესი, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და სამშობლოს ღალატი) დააკავეს 4 უფლებადამცველი, რომლებიც გამოირჩეოდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკით.
2014 წლის მაისიდან აზერბაიჯანი ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს თავმჯდომარეობს. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის მთავრობა არ ერიდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მიმართ რეპრესიებს და არღვევს ევროკონვენციითა თუ სხვა საერთაშორისო კანონმდებლობით აღებულ ვალდებულებებს.
მოვუწოდებთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, შეწყვიტოს მიმდინარე რეპრესიები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებზე; დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს უკანონო პატიმრობაში მყოფი უფებადამცველები; დაასრულოს უფლებადამცველების დევნა და შევიწროება აზერბაიჯანში და უზრუნველყოს მათი ლეგიტიმური საქმიანობის განხორციელება ყოველგვარი დაბრკოლების, დაშინებისა და რეპრესიების გარეშე.
საპროტესტო აქცია გაიმართება 17 ოქტომბერს, 12:00 სთ-ზე.
მისამართი: ქ. თბილისი, ჰეიდარ ალეიევის სახელობის სკვერი (აბანოთუბანთან)
საკონტაქტო პირი: სალომე აჩბა, თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი.