პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი არსენიშვილი ევროსაბჭოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. ისინი საქართველოში ეროვნულ უმცირესობების უფლებების დაცვის საკითხებითა და ეროვნული უმცირესობების შესახებ კანონპროექტზე მიმდინარე მუშაობით დაინტერესდნენ.
როგორც გიორგი არსენიშვილმა აღნიშნა, აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს. მისივე თქმით, ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვას ასევე ითვალისწინებს განათლებისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ არსებული კანონები.
გიორგი არსენიშვილის ინფორმაციით, სომხური და აზერბაიჯანული ეროვნების წარმომადგენლებს საქართველოში მშობლიურ ენაზე შეუძლიათ განათლების მიღება. ქვეყანაში 100-ზე მეტი აზერბაიჯანული და 150 სომხური საჯარო სკოლა მოქმედებს. თბილისში ასევე ფუნქციონირებს სომხურენოვანი სახელმწიფო თეატრი.
გიორგი არსენიშვილის განცხადებით, ეროვნული უმცირესობების ფაქტობრივი მდგომარეობა საქართველოში დადებითად უნდა შეფასდეს, რასაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი დეპუტატებიც ადასტურებენ.
გიორგი არსენიშვილმა ევროსაბჭოს ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის წარმომადგენელთა სხვა შეკითხვებსაც უპასუხა.
წყარო: მედიანიუსი