კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მწვანეთა მოძრაობა ჰიბრიდული სათესლე სიმინდის გავრცელებას აპროტესტებს

26 ნოემბერი, 2010
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლობირებით საქართველოში ჰიბრიდული სიმინდისა და ხორბლის სათესლე მასალის შემოტანასა და გავრცელებას აპროტესტებს. ორგანიზაციის ინფორმაციით, სათესლე მასალა დამუშავებულია ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებებით.

„ჩვენთვის უცნობია გაიარა თუ არა აღნიშნულმა თესლებმა გამოცდა, რამდენად ეფექტური და მისაღებია ისინი ჩვენი რეგიონისთვის. აღსანიშნავია, რომ ჰიბრიდული ჯიშების ფართოდ გავრცელება დაუშვებელია როგორც ეკონომიკური, ისე სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი თვალსაზრისით. ცნობილია, რომ ჰიბრიდული ჯიშები დაპირებულ „უხვ“ მოსავალს მხოლოდ პირველ წელს იძლევა, ისიც თუ უხვად გავაჯერებთ სათესლე მასალების მომწოდებელი კომპანიის მიერ წარმოებული შხამ-ქიმიკატებით. მომდევნო წელს კი მისგან მიღებული მარცვალი სათესლე მასალად არ გამოდგება, ვინაიდან არ აქვს აღმოცენების  უნარი. ამდენად, გლეხი იძულებულია ყოველ წელს შეიძინოს სათესლე მასალა ჰიბრიდული თესლის მწარმოებელი კომპანიიდან, რაც არც ისე იაფია. წელს 1 კილოგრამი ჰიბრიდული სათესლე მასალის ფასი 10 ლარია. რა გახდება მისი ფასი მომდევნო წელს, არავინ იცის.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობას მიაჩნია, რომ ყოვლად დაუშვებელია ჰიბრიდული სათესლე მასალის ფართოდ გავრცელება. იგი პირველ რიგში უნდა გადიოდეს გამოცდას და ითესებოდეს სპეციალურ საცდელ ფართობებზე. ჰიბრიდული სათესლე მასალის ფართოდ გავრცელების შემთხვევაში ქართველი გლეხები და ფერმერები დაკარგავენ მომავალი წლისათვის სათესლე მასალის შენახვის შესაძლებლობას და მთლიანად დამოკიდებულები აღმოჩნდებიან სათესლე მასალის იმპორტიორ კომპანიებზე. დაიკარგება უნიკალური ქართული ჯიშები, რომლებიც უკეთ არის შეგუებული ადგილობრივ კლიმატურ პირობებს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ქმედებები არაერთ ქვეყანაში განხორციელდა, რაც დაკვალიფიცირდა როგორც ეკონომიკური დივერსია“, - ნათქვამია საქართველოს მწვანეთა მოძრაობის საგანგებო განცხადებაში.

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა მოუწოდებს საქართველოს პარლამენტსა და მთავრობას მეტი წინდახედულობა გამოიჩინონ ისეთი  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტისას, როგორიცაა საქართველოს სოფლის მეურნეობის აღმავლობაზე ზრუნვა და არ დაუშვან მისი მოქცევა ცალკეული უცხოური, ან თუნდაც ადგილობრივი კერძო კომპანიების კონტროლისა და მმართველობის ქვეშ.

ამასთან, მწვანეთა მოძრაობა მოუწოდებს გლეხებსა და ფერმერებს მაქსიმალურად წინ აღუდგნენ ჰიბრიდული ჯიშების ფართოდ გავრცელებას, ხოლო სათესლე მასალის იძულებით შეძენის შემთხვევაში, არ დათესონ იგი საკუთარ მეურნეობებში და არ გამოიყენონ საკვებად, რადგან ორგანიზაციის ცნობით, სათესლე მასალა მუშავდება ჯანმრთელობისთვის საშიში ნივთიერებებით.

კახეთის საინფორმაციო ცენტრი  

ახალი ამბები