აჭარის მთავრობის ხელმძღვანელის, ლევან ვარშალომიძის ერთ-ერთმა მრჩეველმა ნუგზარ (ბაჩუკი) ჩხეიძემ თანამდებობა პოლიტიკური შეხედულების გამო დატოვა. მან 4 აგვისტოს ოპოზიციური კოალიციის, „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერა მედიასაშუალებებით გამოუცხადა.
„მთავარი არგუნენტი არის პოლიტიკური. მე ვთვლი, რომ ასეთი პოლიტიკური სისტემით ჩვენს ქვეყანას მივიყვანთ დაღუპვამდე. ყველა კონსტიტუციური ნორმები ირღვევა და ქვეყნის კონსტიტუციური ნორმებიდან ამოგდებას ცდილობენ. ჩემს თავს ვერ მივცემდი უფლებას, არაფერი მომემოქმედა“, - აცხადებს ჩხეიძე.
აჭარის მთავრობაში კომენტარს არ აკეთებენ. იქ მთავრობის საიტზე - ajara.gov.ge განთავსებული განცხადება მიგვითითეს, სადაც ჩხეიძის გათავისუფლების საფუძვლად პოლიტიკურ შეხედულებას სიცრუეს უწოდებენ.
„აჭარის არ მთავრობის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე ნუგზარ ჩხეიძე 2012 წლის 27 ივლისიდან გათავისუფლებული იყო თანამდებობიდან სამსახურეობრივი მოვალეობების ხშირი დარღვევისა და 5 დღეზე მეტი ხნით სამსახურის თვითნებურად დატოვების გამო“, - წერია მთავრობის ოფიციალურ განცხადებაში.
ბაჩუკი ჩხეიძე მთავრობის აღნიშნულ განცხადებაზე აცხადებს, რომ სასაცილოა და არაფრის მტკიცებას არ აპირებს: „უბრალოდ სასაცილოა მათი განცხადება. სატელეფონო ხარჯი, სატრანსპორტო და სხვა როგორ გადამიხადეს თუკი გათავისუფლებული ვიყავი. არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ. სამუშაოზე ყოველდღიურად დავდიოდი“.
ბაჩუკი ჩხეიძე ბოლო ერთი წლის განმავლობაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი იყო თვითმმართველობის საკითხებში. მანამდე აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. ჩხეიძე რამდენიმე ხნით აჭარის ტურიზმის დეპარტამენტსაც ხელმძღვანელობდა.
მაკა მალაყმაძე, აჭარა