კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

HRC-მ დაასრულა პროექტი „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“ 

21 ივნისი, 2021
 
მანანა ვარდიაშვილი

ადამიანის უფლებათა ცენტრმა (HRC) დაასრულა პროექტი - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“, რომლის განხორციელებაც 2020 წლის 1 ივლისიდან დაიწყო. 1 წლის განმავლობაში ცენტრი დარღვეული უფლებების აღდგენაში ბევრ ადამიანს დაეხმარა. 

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ ახალი კორონავირუსის (COVID – 19) პანდემიად გამოცხადების შემდეგ საგანგებო მდგომარეობა საქართველოშიც გამოცხადდა.

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტიდან 23 მაისამდე მოქმედებდა. ამ ხნის განმავლობაში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით, ბევრი რეგულაცია და შეზღუდვა დაწესდა: მუშაობა შეწყვიტა საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, აიკრძალა მანქანებით მიმოსვლა, ადამიანების შეკრება, 31 მარტიდან კი დაწესდა კომენდანტის საათი, რომელიც დღემდე მოქმედებს.   

დაწესებული რეგულაციების და შეზღუდვების გამო საქართველოში ბევრი ბიზნესი გაჩერდა, ბევრი კი საერთოდ დაიხურა -  ასიათასობით ადამიანმა  სამსახური და შემოსავლის ერთადერთი წყარო  დაკარგა. დახმარების გარეშე დარჩა ათასობით ადამიანი და საგანგებო მდგომარეობის დროს და მისი დასრულების შემდეგაც ბევრი მოქალაქის უფლება დაირღვა.

პროექტი - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“, რომლის განხორციელებაც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი,  ადამიანის უფლებათა ცენტრმა  2020 წლის 1 ივლისიდან დაიწყო. 

„პანდემიის გავრცელების შეჩერების მიზნით, დაწესებული რეგულაციების შედეგად, საქართველო რთული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. კრიზისის მძიმე შედეგებზე მეტყველებს როგორც ინფექციით გარდაცვლილი და დააავადებული ადამიანების რაოდენობა, ისე ადამიანის უფლებების დარღვევების გაზრდილი რაოდენობა. პროექტის საწყის ეტაპზევე, იდენტიფიცირებულ პრობლემათა შორის მწვავედ იდგა საქართველოს ხელისუფლების მიერ კრიზისის საპასუხოდ მიღებული ზომების კონსტიტუციურობის, რიგ შემთხვევებში კი მისი საჭიროებისა თუ პროპორციულობის საკითხი. დღემდე მწვავე პრობლემად რჩება კრიზისის საპასუხოდ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპების გვერდის ავლით განხორციელება და რიგ შემთხვევებში საპარლამენტო კონტროლის შესუსტება. საკარანტინე ზომებისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმების მოცულობა საერთოდ არ შეესაბამებოდა და არ ითვალისწინებდა ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, რამაც პანდემიის პირობებში კიდევ უფრო გაამწვავა მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. ჩვენ დავდიოდით რეგიონებში, ვხვდებოდით მოსახლეობას, მათ შორის ბევრი იყო ისეთი ადამიანი, ვისი უფლებაც პანდემიის დროს დაირღვა, მაგრამ არ იცოდა, როგორ დაეცვა საკუთარი უფლება, ან კერძო ადვოკატის აყვანის საშუალება არ ჰქონდა. ამ პროექტის მეშვეობით ადამიანის უფლებათა ცენტრმა კვალიფიციური, უფასო იურიდიული დახმარება გაუწია იმ მოქალაქეებს, რომელთა უფლებებიც საგანგებო მდგომარეობის დროს დაირღვა და რომელთაც უფასო იურიდიული დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებოდათ“, - აცხადებს პროექტის დირექტორი, ნინო ტლაშაძე.  

პროექტის - „უფასო იურიდიული ადვოკატირება და ადამიანის უფლებების მონიტორინგი კორონავირუსის პანდემიის შემდეგ“ ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრმა თბილისსა და საქართველოს 5 რეგიონში: შიდა და ქვემო ქართლში, კახეთში, იმერეთსა და სამეგრელოში კორონავირუსიის პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო მდგომარეობის და მისი დასრულების შემდეგ პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები შეისწავლა, გამოავლინა დარღვევების ძირითადი ტენდენციები და უფლებადარღვეულ ადამიანებს კვალიფიციური იურიდიული დახმარება გაუწია.  

პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტები, 2020 წლის 1 აგვისტოდან 2021 წლის 1 ივნისამდე უფასო იურიდიული კონსულტაციით 1842 ადამიანს დაეხმარნენ. ამ ხნის განმავლობაში პროექტში ჩართულმა ოთხმა იურისტმა წარმოებაში  აიღო 125 საქმე, რომელთაგან 48 წარმატებით დასრულდა. 7-მა ბენეფიციარმა უარი თქვა წარმოების გაგრძელებაზე, ხოლო ერთ შემთხვევაში, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადამიანის უფლებათა ცენტრის მოთხოვნა. დანარჩენ 70 საქმეზე ორგანიზაციის იურისტები ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას. 

ცენტრის იურისტების მიერ წარმოებაში აღებული 125 საქმიდან 54 კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო გამოწერილ ჯარიმებს ეხება, აქედან  5 წარმატებით დასრულდა (ექვსმა ადამიანმა დავა გადაიფიქრა), დანარჩენ საქმეებზე კი იურისტები ისევ აგრძელებენ მუშაობას.

გორში მცხოვრები მოქალაქის უფლებების დარღვევის ფაქტზე ცენტრი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს
ვ.ტ. პოლიციელთა მხრიდან დამამცირებელი და არადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. 
 
ვ.ტ.-ს განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის დროს, მაშინ, როცა ის საკუთარი სახლის ახლოს ველოსიპედით მიდიოდა, პოლიციელებმა სრულიად უსაფუძვლოდ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალის გამოყენებით წაართვეს მობილური ტელეფონი, რომლითაც ის პოლიციელთა უკანონო ქმედებას ვიდეოთი იწერდა. ტელეფონის წართმევის შემდეგ კი ჩასვეს ავტომობილში, სადაც სცემეს. მისი ცემა გაგრძელდა პოლიციის შენობაშიც.  შემდეგ კი 4 საათის განმავლობაში ოთახში გამოკეტეს. 

მიუხედავად იმისა, რომ ვ.ტ.-ს გაუსაძლისი ტკივილები აწუხებდა და ექიმის დახმარებას ითხოვდა, პოლიციამ არც ექიმი გამოიძახა და არც ტკივილგამაყუჩებელი მისცეს. დაკავებულს ასევე არ მისცეს საშუალება, რომ სახლში ან ადვოკატთან დაერეკა. ვ.ტ.-ს განცხადებით, პოლიციელები მასთან ოთახში შედიოდნენ და დასცინოდნენ, აგინებდნენ და ემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით. 
 
ადამიანის უფლებათა ცენტრმა ვ.ტ.-ს ინტერესების დასაცავად ეროვნულ დონეზე ყველა სამართლებრივი მექანიზმი ამოწურა, მიუხედავად ამისა, ის ჯერ კიდევ არ არის ცნობილი დაზარალებულად. ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა სარჩელი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაგზავნად, რითაც ითხოვს აღიარებას, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ვ.ტ.-ს უფლებების დაცვა.

პანდემიით დაზარალებულ ადამიანებს ბანკებმა ჩამოჭრილი სახელმწიფო დახმარება უკან დაუბრუნეს

კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულ ადამიანებს, რომლებსაც სახელმწიფომ 2021 წლის იანვარში 200-ლარიანი კომპენსაცია ჩაურიცხა, კომერციულმა ბანკებმა დახმარების თანხა ვალში გაუქვითეს. 

„ასეთი საჩივრით ადამიანის უფლებათა ცენტრს თერთმეტმა ადამიანმა მომართა. ცენტრმა საგანგებო მიმართვა გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ანტიკრიზისული გეგმის მთავარი მიზანი, დახმარებოდა კორონავირუსით დაზარალებულ მოქალაქეებს, ვერ შესრულდა და კომერციულ ბანკებს უმუშევრად დარჩენილი ადამიანებისთვის ჩამოჭრილი თანხის უკან დაბრუნებისკენ მოუწოდა. ადამიანის უფლებათა ცენტრის მიმართვის გავრცელებისთანავე საქმეში საქართველოს საბანკო ასოციაცია ჩაერთო. მათივე თხოვნით, გაიმართა ონლაინ შეხვედრა ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებსა და საბანკო ასოციაციასა და სხვადასხვა კომერციული ბანკების წარმომადგენლებს შორის. ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, თერთმეტივე ადამიანს ბანკებმა ჩამოჭრილი თანხა უკან დაუბრუნეს. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ამ საქმეს პრეცედენტული ხასიათი ჰქონდა და ადამიანის უფლებათა ცენტრის ბენეფიციარების გარდა, მსგავსი პრობლემა  სხვა მომხმარებლებსაც მოუგვარდათ,” - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ლომიძე. 

ადამიანის უფლებათა ცენტრი დაეხმარა რამდენიმე ისეთ ადამიანსაც, რომელსაც კომერციულ ბანკში აღებული სესხი პანდემიის დროს შეუსაბამოდ გაეზარდა: კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი საგანგებო მდგომარეობით დაზარალებულ მოქალაქეებს კომერციულმა ბანკებმა მთავრობის რეკომენდაციით სესხების სამთვიანი გადავადება შესთავაზეს. ამ შეთავაზებით ბევრმა ისარგებლა. მათ შორის იყო ადამიანის უფლებათა ცენტრის ბენეფიციარი, თბილისში მცხოვრები ნ.ყ., რომელსაც ბანკის მიერ შეთავაზებული რესტრუქტურიზაციის სქემით სესხის საერთო თანხაც და ვადაც გათვალისწინებულზე ბევრად მეტად გაეზარდა. ნ.ყ-ს პრობლემის მოგვარებაში ადამიანის უფლებათა ცენტრი დაეხმარა.  ცენტრის შუამდგომლობით და უფასო იურიდიული დახმარებით ანალოგიური პრობლემა კიდევ რამდენიმე ადამიანს მოუგვარდა. 

პანდემია და განათლების უფლების გარეშე დარჩენილი ბავშვები

კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით, 2020 წლის მარტში სკოლები დაიხურა  - 661 500 ბავშვი დისტანციური სწავლის რეჟიმზე გადავიდა. ონლაინსწავლებამ ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალური პრობლემები კიდევ უფრო გაამწვავა და გამოკვეთა. 10 000-მდე ბავშვს, რომელსაც სახლში ინტერნეტი და კომპიუტერი არ ჰქონდა, განათლების უფლება შეეზღუდა. განსაკუთრებით დამძიმდა იმ ოჯახების ხვედრი, რომელთაც სასკოლო ასაკის რამდენიმე ბავშვი ჰყავთ. 

„პროექტის ფარგლებში, ადამიანის უფლებათა ცენტრი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ყველაზე მოწყვლად ჯგუფებს. ჩვენ ვითხოვდით საჯარო ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან და ვადგენდით, ვის უჭირდა, ზოგჯერ კი სამართლებრივი დახმარებისთვის ადამიანები თვითონ მოგვმართავდნენ. მათ შორის იყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომელთა შვილებიც მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის  და კომპიუტერის ან ინტერნეტის არქონის გამო ვერ იღებდნენ განათლებას. განათლების სამინისტროსთან ვუშუამდგომლე ქუთაისში მცხოვრებ ერთ-ერთ ბავშვს, რომელიც დაზიანებული კომპიუტერის გამო ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრებოდა. სამინისტრომ მას კომპიუტერი შეუკეთა და ბავშვმა სწავლის გაგრძელება შეძლო. გარდა ამისა, შუამდგომლობით მივმართეთ ადგილობრივ თვითმმართველობებს და მოვითხოვეთ, რომ რამდენიმე გაჭირვებულ ოჯახს ეკონომიკურ გაძლიერებაში დახმარებოდნენ. ეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება იყო, მაგრამ პანდემიის გამო უმუშევრად დარჩენილი ბევრი მშობლისთვის ასეთი ერთჯერადი დახმარებაც ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა“, - ამბობს ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ანა ჩაფიძე. 

ანტიკრიზისული გეგმა და კომპენსაციის გარეშე დარჩენილი მოქალაქეები

ცენტრმა უფასო იურიდიული დახმარება გაუწია იმ ადამიანებსაც, რომლებმაც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ხელისუფლების მიერ შეთავაზებული დახმარებით ვერ ისარგებლეს.

საქართველოს მთავრობამ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ზარალის შემსუბუქებისთვის ანტიკრიზისული გეგმა 2020 წლის 24 აპრილს წარადგინა. ამ გეგმის განხორციელებისთვის პირველ ეტაპზე ბიუჯეტიდან 3,5 მლრდ ლარი გამოიყო. 

მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის მაისიდან, 6 თვის განმავლობაში, ყოველთვიური, 200-ლარიანი (ჯამში 1200 ლარი) დახმარება მისცეს იმ ადამიანებს, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო შემოღებული საგანგებო მდგომარეობის გამო, სამსახურის გარეშე დარჩნენ, ანდა უხელფასო შვებულებაში გაუშვეს. 

ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში სამსახური 350 ათასმა მოქალაქემ დაკარგა. მათი დახმარებისთვის ბიუჯეტიდან 460 მილიონი ლარი გამოიყო. მიუხედავად ამისა, ბევრი სამსახურდაკარგული ადამიანი დახმარების გარეშე დარჩა. 

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სახელმწიფომ ერთჯერადი, 200-ლარიანი დახმარება მისცა 18 წლამდე ასაკის ყველა ბავშვს. 200-ლარიანი დახმარების მისაღებად, მშობლებს ვებგვერდზე daxmareba.moh.gov.ge მარტივი ფორმა უნდა შეევსოთ. თუმცა, ამ პორტალზე შვილის დარეგისტრირება ბევრმა მშობელმა ვერ შეძლო. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტების დახმარებით, იმ ადამიანებმა, რომლებიც პანდემიის გამო სამსახურის გარეშე დარჩნენ, მაგრამ ტექნიკური ხარვეზის ან დამსაქმებლის უპასუხისმგებლობის გამო კომპენსაციის გარეშე დარჩნენ, კუთვნილი დახმარება მიიღეს. ცენტრის იურისტების დახმარებით და შუამდგომლობით, კუთვნილი 200-ლარიანი დახმარება მიიღეს იმ არასრულწლოვნების მშობლებმაც, რომლებმაც არასრულყოფილი საბუთების ან ვებგვერდის ტექნიკური გაუმართაობის გამო daxmareba.moh.gov.ge-ზე ბავშვების დარეგისტრირება ვერ შეძლეს. 

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში გამოყოფილი შეღავათიანი დიზელის საწვავის გარეშე დარჩა სოფლად მცხოვრები ბევრი ფერმერიც. ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, მთავრობამ ყველა ფერმერს, ვისაც 0,25 ჰექტრიდან 100 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი ჰქონდა დარეგისტრირებული, დიზელის საწვავის საბაზრო ღირებულებაზე 1 ლარით ნაკლებ ფასად შეძენა შესთავაზა. 

ამ შეღავათით ვერ ისარგებლეს მაგ. წალკაში მცხოვრებმა ფერმერებმა. როგორც გაირკვა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ იაფი დიზელის მიმწოდებელ კომპანიად შერჩეული კომპანია SOCAR-ის ბენზინგასამართი სადგურები მათი სოფლებიდან იმდენად შორს იყო, რომ იქ წასვლას და დიზელის შეძენას აზრი არ ჰქონდა.

სახელმწიფო სუბსიდიებისა და მასთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების თაობაზე  ადამიანის უფლებათა ცენტრმა საქართველოს მთავრობას საგანგებო განცხადებით მიმართა. 

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთავრობის სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისულმა გეგმამ ვერ უზრუნველყო არსებული პრობლემების აღმოფხვრა და დახმარების გარეშე დატოვა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართული ის ადამიანები, რომლებსაც სახელმწიფოს მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდებოდათ. 

„გარდა იმისა, რომ ამ პროექტის მეშვეობით კვალიფიციური იურიდიული დახმარება გავუწიეთ იმ ადამიანებს, რომელთაც პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური გაჭირვების გამო ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდათ (პროექტის ფარგლებში ჩვენ იმაზე ბევრად მეტი საქმე ავიღეთ წარმოებაში, ვიდრე ამას ველოდით), მონიტორინგის შედეგებს და მთავარ მიგნებებს გავუზიარებთ საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებასაც.  ეს მათ საშუალებას მისცემს, რომ მომავალში მსგავს კრიზისს უფრო ნაკლები უფლებადარღვევებით გაუმკლავდნენ“, - ამბობს პროექტის დირექტორი ნინო ტლაშაძე.  

ადამიანის უფლებათა ცენტრმა მთავრობას რეკომენდაციებიც შესთავაზა და მოუწოდა, რომ ანტიკრიზისული გეგმის დოკუმენტის შემუშავებისას, მაქსიმალურად გაითვალისწინოს სხვადასხვის ჯგუფის პრობლემები და საჭიროებები და ანტიკრიზისული გეგმით დასახული მიზნების ეფექტიანი რეალიზებისთვის უფრო მარტივი და მოქნილი პროცედურები შეარჩიოს. 

ახალი ამბები