კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უკანონო საპოლიციო კონტროლი გამყოფ ხაზთან - საზოგადოების კრიტიკა და ხელისუფლების პასუხი

31 აგვისტო, 2022
გიორგი დვალიშვილი, 
humanrights,ge, შიდა ქართლი

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ აძვში, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ადამიანის უფლებათა ცენტრს პოლიციამ წყლის იმ სათავე ნაგებობის დათვალიერების უფლება არ მისცა, რომელიც ადგილობრივების თქმით, დაბინძურებულია. არასამთავრობო სექტორი და მედია გამყოფ ხაზთან გადაადგილების შეზღუდვის შესახებ ხშირად ამახვილებს ყურადღებას.

„წყალი გრაფიკით გვაქვს - დღეგამოშვებით და ისიც დაბინძურებული მოდის. წყლის სათავე ნაგებობა ამორტიზებულია და მასში ქვეწარმავლები ბუდობენ. შეგიძლიათ, თქვენი თვალითაც ნახოთ. ძალიან ცუდ დღეში ვართ“, - ეს ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენლებს სოფელ აძვში ვიზიტისას გაუზიარეს ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა. 

ამის შემდეგ ორგანიზაციის წარმომადგენლებს წყლის სათავე ნაგებობის ადგილზე შემოწმების საშუალება პოლიციამ არ მისცა, მიუხედავად იმისა, რომ გამყოფი ხაზი ნაგებობასთან ასობით მეტრით იყო დაშორებული. „წყლის ავზთან მიახლოების უფლებას ვერ მოგცემთ. ბრძანება გვაქვს ასეთი, თქვენი უსაფრთხოების გამო“, - განაცხადეს პოლიციელებმა.

პოლიციამ ვერ დააკონკრეტა რა ბრძანებაზე ჰქონდათ საუბარი. მათ ვერ დაასახელეს ვერც ბრძანების გამცემი ორგანო ან თანამდებობის პირი, ვერც - ბრძანების რეკვიზიტები.

ადამიანის უფლებათა ცენტრის შეფასებით, მსგავს შემთხვევებში მაღალია რისკი, რომ პოლიცია თვითნებურად, საკუთარი შეხედულებების მიხედვით მოქმედებს.

„ძალოვანი უწყების წარმომადგენლების ქმედებები და ჩვენს მიერ დასმულ კითხვებზე გაცემული პასუხები აჩენს ეჭვს, რომ არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც არეგულირებს მოქალაქეთა ქცევის წესებს იმგვარად, როგორც ამას ისინი მოითხოვდნენ ჩვენგან. შესაბამისად, მაღალია რისკი იმისა, რომ მათ იმოქმედონ თვითნებურად საკუთარი შეხედულებების მიხედვით", - აცხადებს ალექსი მერებაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი. 

ადამიანის უფლებათა ცენტრის თანადირექტორი ნინო ცაგარეიშვილი თვლის, რომ არსებული პრაქტიკა გადაადგილების უფლების შეზღუდვას წარმოადგენს: „ეს შეზღუდვა არ არის გათვალისწინებული არც ერთი ნორმატიული აქტით. შესაბამისად, უკანონოა და ხელყოფს გადაადგილების თავისუფლებას. ცენტრის წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებს ხშირად ვსტუმრობთ ადგილზე არსებული პრობლემების შესწავლისა და ადგილობრივ მოსახლეობასთან გასაუბრების მიზნით. ამ სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობას უამრავი პრობლემა აწუხებს. ოკუპაციით გამოწვეულ პრობლემებთან ერთად, აქტუალურია მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და საყოფაცხოვრებო პრობლემები. შესაბამისად, არსებითად მნიშვნელოვანია, უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს მიეცეთ ამ სოფლებში დაუბრკოლებლად შესვლისა და ვითარების გაცნობის შესაძლებლობა. გადაადგილების შეზღუდვები კი აბრკოლებს ამ მიმართულებით ჩვენს საქმიანობას“.

გამყოფ ხაზთან გადაადგილების შეზღუდვის პრობლემაზე ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც. ქეთი ბებიაშვილის განცხადებით, ეს არის გადაადგილების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა: „არ არის რეგლამენტირებული ეს საკითხი და ასე ზეპირსიტყვიერად არავისთვის არ უნდა შეიზღუდოს გადაადგილება. ამაზე უნდა არსებობდეს ნორმატიული აქტი, რომელიც დღემდე არ არის მიღებული. ამიტომ ეს არის გადაადგილების თავისუფლების უკანონო შეზღუდვა“.

გადაადგილების შეზღუდვის პრობლემა აქტუალურია მედიისთვისაც. „მთავარი არხის“ ჟურნალისტი გიორგი ახალკაცი ფიქრობს, რომ ეს ფაქტი არის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი. მისი განცხადებით. გაუგებარია სახელმწიფოს პასუხი, როცა ამბობენ, რომ შეზღუდვა უსაფრთხოებიდან გამომდინარე ხდება.

„არის შემთხვევები, როცა არ გვიშვებენ არც იმ სოფლებში, რომელიც არ ესაზღვრება გამყოფ ხაზს. პოლიცია დაგვყვება ყველგან, სანამ არ დავტოვებთ არარსებული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას. მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ვიმყოფებოდი სოფელ კირბალში. რამდენიმე ადგილობრივი ჩავწერე და მალევე გამოვბრუნდი. ვიფიქრე - გავალ სოფლიდან და პირდაპირ ჩართვას გზიდან გავაკეთებ მეთქი. გამოვედი კირბალიდან და გავჩერდი გორი-მეჯვრისხევის გზაზე. გამოგვყვა პოლიციაც. თითქმის ერთი საათი ველოდე ჩართვის რიგს და ამ ხნის განმავლობაში პოლიციის ეკიპაჟიც მიმდებარე ტერიტორიაზე იყო გაჩერებეული და თვალს გვადევნებდნენ. ჩართვის დასრულების შემდეგ, ეკიპაჟმა სოფელ ხელთუბნამდე გვდია. გარდა იმისა, რომ ჩვენ პირდაპირ თუ ირიბად გვიშლიან ხელს მუშაობაში, ვთვლი რომ არაეფექტურად იხარჯება სახელმწიფო რესურსი და ეს მანკიერი პრაქტიკა უნდა შეიცვალოს", - აცხადებს გიორგი ახალკაცი.

Qartli.ge-ს რედაქტორი საბა წიწიკაშვილი, გამყოფ ხაზთან ჟურნალისტების მუშაობას ადარებს „წინასწარ პატიმრობას პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ“. წიწიკაშვილი ფიქრობს, რომ ეს არის მედიის შეზღუდვის მცდელობა.

„ფაქტობრივად, მუშაობ პოლიციელებთან ერთად, რაც ძალიან არასასიამოვნო პროცესია, როგორც ჟურნალისტისთვის, ისე რესპონდენტისთვის. ზოგჯერ იმდენად უხერხული სიტუაცია იქმნება, რომ მოსახლეობისთვის გიწევს იმის ახსნა, რომ პოლიციელებისგან დამოუკიდებლად მუშაობ. აკეთებ საქმეს, რომლის გაკონტროლებასაც ცდილობს შსს. სოფლებში შესვლის დროს მთელი რიგი ისეთი პროცედურების გავლა გიწევს, რომელიც ელემენტარულად დროის კარგვა და რესურსების არამიზნობრივ გამოყენებას იწვევს. ეს ფორმა არის მედიის შეზღუდვის მცდელობა - ყველანაირი გაგებით. ერთია, როდესაც პოლიცია ზრუნავს შენს უსაფრთხოებაზე, მეორე კი, - პოლიციას აინტერესებს, რას და როგორ მუშაობ", - ამბობს საბა წიწიკაშვილი.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ოფიციალური წერილით მიმართა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც. ორგანიზაციამ უწყებებისგან მოითხოვა განმარტება, თუ რატომ იზღუდება პოლიციის მიერ გადაადგილება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში და არსებობს თუ არა შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომელიც ამ საკითხს არეგულირებს.

ორგანიზაციის წერილს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უპასუხა. უწყება განმარტავს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილებას არ ზღუდავს. თუმცა, წერილშო სუსი ასევე განმარტავს, რომ პოლიცია მხედველობაში იღებს ადგილზე არსებულ ვითარებას და ამგვარად იცავს მოქალაქეთა უსაფრთხოებას.

„გასათვალისწინებელია, რომ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ გადაადგილებისას ადგილზე წარმოდგენილი პოლიციის დანაყოფები მხედველობაში იღებენ საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ უსაფრთხოების ვითარებას, აგრეთვე - საოკუპაციო ხაზთან მდებარე კონკრეტულ ოკუპირებულ სოფელში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების უკანონო ყოფნისა და გადაადგილების ფაქტს და სხვა მრავალ გარემოებას, რაც საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მყოფი პირის უსაფრთხოებას უკავშირდება", - განმარტა სუსის წარმომადგენელმა დავით ქუთათელაძემ.

ცენტრმა ასევე წერილობითი პასუხი მიიღო შსს-დან. წერილში, რომელსაც შსს-ს ადმინისტრაციის (დეპარტამენტის) უფროსის მოვალეობის დროებითი შემსრულებელი თათია ცეცხლაძე აწერს ხელს, ნათქვამია, რომ „პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 25-ე და 26-ე მუხლების შესაბამისად, პოლიციელი უფლებამოსილია: პირს მოსთხოვოს გარკვეული ადგილის განსაზღვრული დროით დატოვება ან აუკრძალოს მას კონკრეტულ ტერიტორიაზე შესავლა, თუ ეს აუცილებელია საფრთხის თავიდან ასაცილებლად; დროებით შეზღუდოს პირის, აგრეთვე, სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება საფრთხის თავიდან აცილების მიზნით; დროებით შეზღუდოს ნივთის ფაქტობრივი ფლობა. 

ამასთან, შსს-ს წერილში განმარტებულია, რომ საქართველოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები ასევე რეგულირდება აქტებით, რომელთაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო საიდუმლოების გრიფი.

ადამიანის უფლებათა ცენტრის თანადირექტორის, ნინო ცაგარეიშვილის თქმით, ადამიანის უფლების ნებისმიერი შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპს, ანუ განჭვრეტადი უნდა იყოს მოქალაქისთვის, თუ რა ეკრძალება, რა ეზღუდება, რა მოეთხოვება და ა.შ. ხოლო თუკი შეზღუდვა ისეთი სამართლებრივი აქტითაა დაწესებული, რომელიც გასაიდუმლოებულია, შესაბამისად, ეს შეზღუდვა განჭვრეტადიც ვერ იქნება.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტის, ალექსი მერებაშვილის თქმით, შსს-დან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მიღებულმა წერილებმა დაადასტურა ეჭვები, რომ ასეთი ბრძანებები არ არსებობს და დაუსაბუთებლად, თვითნებურად ზღუდავენ გადაადგილების თავისუფლებას: „შინაგან საქმეთა სამინისტროს მითითება საიდუმლო ბრძანებების არსებობაზე არის თანამშრომლების ტყუილში მხილებისაგან თავის არიდების მცდელობა, რადგან პოლიციელთა ქცევას ძირითადად ამართლებენ  პოლიციის შესახებ კანონით და არა საიდუმლო ბრძანებების არსებობით. რა თქმა უნდა, საიდუმლო ბრძანებები იარსებებს, მაგრამ ის არ შეეხება მოქალაქის გადაადგილების საკითხს და ამ საკითხის მოქალაქის მიერ შეთანხმების წესს შსს-თან, ძირითადად იქნება შიდაუწყებრივი ხასიათის, მათ შორის შეიძლება საგუშაგოზე მდგომი პირების ვინაობა, პატრულირების წესი, ვადა და ა.შ.“

ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული გამოძიებისა და დაზარალებულთა მხარდაჭერას და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზზე მიმდინარე უფლებადარღვევების მონიტორინგს, ასევე - იურიდიულ დახმარებას უწევს 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ პირებს.

ახალი ამბები