მართლმსაჯულება
22 მაისი, 2009
ეს ამბავი კრიმინალურ ისტორიასაც ჰგავს, მძაფრსიუჟეტიან საექიმო სერიალსაც, ერთი თაღლითობის ისტორიასაც, აბსურდის დრამასაც... ამ უკანასკნელს ყველაზე მეტად. მასში აბსურდის კვანძი მოგვიანებით, სასამართლო დარბაზებში, შეიკვრება, წინაისტორია კი სამეცნიერო ფანტასტიკას უფრო ჰგავს. ყველაფერი ერთი დისერტაციის ისტორიით დაიწყო. თბილისელმა მეცნიერმა ყირგიზეთში მეცნიერული კვლევა ჩაატარა. იგი, ექიმ-გინეკოლოგი, ამ მუსლიმანურ ქვეყანაში მოგროვილ ემპირიულ მასალაზე სტერილიზაციის, ანუ შობადობაზე კონტროლის პრობლემას, შეისწავლიდა. ეს თითქმის ისევე ძნელი იქნებოდა, როგორც არქტიკაში ჟირაფების შობადობაზე ან მწერების მიმიკრიაზე დაკვირვება, რადგან სტერილიზაცია ქირურგიული ჩარევის შედეგად გამრავლების უნარის დაკარგვას ნიშნავს და მუსლიმანურ ქვეყნებში ადათით, რელიგიით და, მათგან გამომდინარე, კანონითაც პირდაპირ ან ირიბად იკრძალება. მეცნიერმა ემპირიული მასალა მაინც მოიპოვა, კვლევაც ჩაატარა და დისერტაციაც დაიცვა. ყირგიზეთის მთავრობასთან არსებულმა სადისერტაციო კომისიამ მას სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მიანიჭა. ეს 1985 წელი იყო - ისტორიის დასაწყისი. შემდეგ კი მოვლენები ასე განვითარდა.
28 აპრილი, 2009
ყვითელი ბუშტი, პოლიეთილენის გამჭვირვალე პარკი და მასში მოთავსებული 93,299გრამი თეთრი ფხვნილი. ეს ის საბედისწერო მასაა, რომელიც უკრაინელი მოქალაქის, ბოხონკო ორესტის დაპატიმრების შემდეგ, საქმეში ნივთმტკიცებად ინახება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტიზის დასკვნით, თეთრი ფხვნილი, მეტადონი, ნარკოტიკული ნივთიერება აღმოჩნდა. ყვითელ ბუშტში გახვეული მეტადონი, სამართალდამცავებმა სავარაუდოდ ბოხონკოს სხეულიდან, კერძოდ, მისი უკანალიდან ამოიღეს. ნივთმტკიცებულების ამოღების ფაქტს, არა თუ მოწმე, არამედ, თვით ეჭვმიტანილიც არ შესწრებია. წამებისაგან გულშეწუხებულ ეჭვმიატნილი გონს რომ მოეგო, შეკრული პარკი აჩვენეს და დასძინეს, რომ ეს მისი უკანალიდან იქნა ამოღებული.