სტატია
9 მარტი, 2010
16 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალგორელი ხათუნა ჩარაევას რიგით მეორე დახურული პროცესი შედგება. როგორც მისმა ადვოკატმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან, გაგი მოსიაშვილმა გვითხრა, ჩარაევას საქმეს გრიფი „საიდუმლო“ ადევს. შესაბამისად, მას უფლება არა აქვს, გვაცნობოს, რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით. ახალგორელების ინფორმაციით, ქართული მართლმსაჯულება ჩარაევას მიმართ არაობიექტურია, რადგან ის რეალურად კრიმინალი კი არა, ეთნიკური ნიშნით დევნის მსხვერპლია. ამას ახალგორის დე ფაქტო ადმინისტრაციაც ამტკიცებს. როგორც ადმინისტრაციის ვიცე-ხელმძღვანელი, ალექსანდრე ბარათაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, ჩარაევას პატიოსნებაზე შეუძლია თავიც კი დადოს.
4 მარტი, 2010
მარეკ (იგივე ნოდარ) დუდაევის შესახებ „სამხრეთ ოსეთის“ კონფლიქტზე მომუშავე ექსპერტები ტრაგიკულ პიროვნებად უფრო განიხილავენ, ვიდრე დამნაშავედ. ჯერ კიდევ 13 წლის მარეკმა საკუთარი თვალით ნახა მამის მკვლელობა, დის გაუპატიურება და დედის ცოცხლად დაწვა. ქართველი კონფლიქტოლოგები აღნიშავენ, რომ მარეკ დუდაევი მის ცხოვრებაში მომხდარმა ამ საზარელმა ეპიზოდებმა აქცია ბოროტმოქმედად. 2005 წლის 25 ნოემბერს მარეკ დუდაევს, მცხოვრებს ცხინვალის რაიონის სოფელ არცევში, თბილისის სასამართლომ მკვლელობისთვის, გამომძალველობისა და ბანდიტიზმისთვის განაჩენი გამოუტანა – 23 წლით თავისუფლების აღკვეთა. დიდი ხანია, ტერაქტების მოწყობისა და მკვლელობების ბრალდებით, იძებნება მარეკ დუდაევის ძმა, ერიკ დუდაევიც, რომელიც ამჟამად სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პარლამენტის დეპუტატია. humanrights.ge-მ მასთან ტელეფონით ინტერვიუს ჩაწერა მოახერხა.